ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ბრწყინვალე ურთიერთობა, ეს ურთიერთობები არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე არის შეფასებული, როგორც სამაგალითო, არამედ პერსონალურია

zalkaliani

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ბრწყინვალე ურთიერთობა და ეს ურთიერთობა ჩამოყალიბდა პრემიერ-მინისტრ შმიგალის საქართველოში ვიზიტის დროს, ამას მოჰყვა უკვე საპასუხო ვიზიტი, როდესაც ბატონი ირაკლი იმყოფებოდა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს შორის პერსონალური ურთიერთობებიც სამაგალითოა.

„ეს ურთიერთობები არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე არის შეფასებული, როგორც სამაგალითო, არამედ პერსონალური ურთიერთობებია. მართლაც, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან პირადად მას არაერთხელ ჰქონია მხარდაჭერა ძალიან ბევრ წამოწყებაში და მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. მე მაქვს განცდა, რომ ამ მძიმე ემოციურ ფონზე, რომელშიც იმყოფება დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება, მესმის, ისინი ფაქტიურად დღეები რუსული აგრესიის ფონზე ცხოვრობენ, მუდმივად ბომბების ქვეშ და შესაძლოა, ასეთი ემოციური განცხადება ყოფილიყო გაკეთებული. ასევე, მაქვს ჩემი ვარაუდები, ეს პოსტი იყო ქართულ ენაზე გაკეთებული, ჩემი ვარაუდები მაქვს თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს და შესაძლოა, რომ უშუალოდ მის მოსაზრებას სრულად არ ასახავდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩაცხრება, გადაივლის, ყველაფერი ისევ დაუბრუნდება იმ საწყისს. ფაქტობრივად, არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს ურთიერთობები ისევე იქნება ისეთივე ახლო, როგორიც მანამდე იყო და ჩვენ უკრაინას როგორც ვედექით გვერდით და ვუდგევართ ამ მეტად კრიზისულ სიტუაციაში, ეს თანადგომა, სოლიდარობა არა მხოლოდ სოლიდარობა და განცხადებები, არამედ ქმედითი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.