ფოტო: ინგლისელმა მოსწავლემ ზელენსკის წერილი მისწერა და პასუხიც მიიღო - „გმადლობთ დახმარებისთვის“

ბრიტანელი ბიჭის წერილი

12 წლის თომას ჰენდლიმ, დიდი ბრიტანეთის Durham Trinity School-დან წერილი მისწერა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც ინგლისის განათლების დეპარტამენტმა Twitter-ზე დაწერა, ბიჭმა ზელენსკისთვის გასაგზავნი წერილი ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩადო, რომელიც მათ სკოლაში შეაგროვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბიჭმა ომის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა „საუკეთესო პრეზიდენტისთვსი“ წერილი მიეწერა და ეთქვა, რომ „მოხარულია, თუ უკრაინას დაეხმარება“. მოსწავლეს იმედი აქვს, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და რომ „პუტინს ძალიან ეშინია ომის შესახებ სიმართლის თქმის“.

თომას წერილი თავდაპირველად ლტოლვილთა ცენტრის თანამშრომლებმა იპოვეს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა ბიჭისთვის პასუხი მიეწერა.

„მადლობა მხარდაჭერის წერილისთვის. კარგად ვარ, მადლობა დახმარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მშვიდობა იქნება და შევძლებთ, მთელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქალაქები აღვადგინოთ. იმას, რასაც წერილში წერთ და რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის აკეთებს, ჩემსა და სხვების სახეზე ღიმილს აბრუნებს“,- წერს ზელენსკი თომასთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში.

12 წლის ბიჭი აღფრთოვანებული იყო უკრაინიდან წერილის მიღების შემდეგ.

„გამიხარდა, რომ პასუხი მივიღე, ჩემმა სკოლამ სერტიფიკატი მომცა და მითხრა, რომ კარგი ვარ“, - თქვა ბიჭმა.