Exclusive: „ჩვენ, ქართველებს უკრაინელების ვალი გვაქვს და ახლა მე სწორედ ამ ვალს ვიხდი“ - ქართველი სნაიპერი ქალი ბრძოლის ველიდან

darejani

დარეჯან მაისურაძე ქართველი ქალია, რომელიც თავის 63-ე იუბილეს ბრძოლის ველზე ატარებს. დღეს, ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი ქალბატონი იუბილარია, მას უკრაინაში არც ტორტი აქვს და არც სანთლები. იუბილარი ნამდვილ საბრძოლო მაშხალებს მაშინ ააგუგუნებს, თუ მტერს, რუს ოკუპანტებს გადააწყდება. მისი დაბადების დღის დაუპატიჟებელი "სტუმრებიც", ისინი იქნებიან, ვისაც 2008 წელს, საქართველოში ეომა, ახლა კი - მათი "მასპინძლობა" უკრაინაში უწევს... 

"პრაიმტაიმს" 63 წლის იუბილარი ქალბატონი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, სნაიპერი დარეჯან მაისურაძე ექსკლუზიურად ბრძოლის ველიდან ესაუბრა. 

მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დარეჯან მაისურაძის ზუსტ ადგილ-მდებარეობას, სადაც ახლა ის უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ იარაღით იბრძვის, არ ვაკონკრეტებთ... ამბობს, რომ მან უკრაინისთვის ბრძოლის პირობა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დადო. მერე ბრძოლის ჟინი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, კიდევ უფრო გაუღრმავდა და ახლა ის მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილშია. 

"ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლისთვის და იმ უკრაინელებისთვის, ვინც ჩვენს მხარდამხარ აფხაზეთში იომა, რუსებზე შური უნდა ვიძიოო", ამბობს ქართველი მებრძოლი.

გაიცანით, მებრძოლი დარეჯან მაისურაძე:  

"აგვისტოს ომის მერე, ხან საქართველოში ვიყავი, ხან - უკრაინაში. ახლა, აქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და არ შემეძლო, ხელში იარაღი არ ამეღო და არ მეომა. ხომ გაგიგიათ, ბებერი და ყოფილი სნაიპერები არ არსებობენო?! ახლა, 63 წლის ვარ. ორი შვილი მყავს - 33 წლის ბიჭი და 31 წლის გოგო. როცა მათ ვუთხარი, რომ უკრაინაში უნდა მებრძოლა, თქვეს - არ ვიცოდით ასეთი გმირი დედა თუ გვყავდაო. გოგომ ცოტა გააპროტესტა, მაგრამ როცა ნახა, როგორი შეუვალი ვიყავი, აღარაფერი უთქვამს. 

ვიცე-პოლკოვნიკი და სნაიპერი ვარ. აგვისტოს ომშიც ვიბრძოლე, შსს-ში ვმუშაობდი. სოხუმის დაცემამდე, 1985-1987 წლამდე სროლაში შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი, ეშერაში წვრთნებზე დავდიოდი - რუსული პროპაგანდა, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, მაშინ გააქტიურდა. ახლაც მწარედ მახსოვს, ერთ-ერთი ეთნიკური სომეხი მსროლელი ქალის სიტყვები - საქართველოდან სტუმრები გვყავსო... 

ამის გაგონების შემდეგ, რა თქმა უნდა, მის სახლში აღარ დავრჩენილვართ, ქართველები წამოვედით. მაშინვე მივხვდი, რომ საქმე ძალიან მძიმედ იყო. ამ ქალს კი ვუთხარი, აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ ქართველები ვართ და ქართულ მიწაზე სტუმრები არასოდეს ვიქნებით-მეთქი, მაგრამ მერე მოვლენები როგორ განვითარდა კი ვიცით...  

და მერე იყო ომი აფხაზეთში... მაშინ, მე თბილისში, ვაკის რაიონში ვმუშაობდი, კადრების უფროსი ვიყავი და მებრძოლებს ვანაწილებდი. სოხუმის დასაცავად დნეპროპეტროვსკის ოლქიდან სხვა უამრავ უკრაინელთან ერთად საბრძოლველად ერთი კაცი - სერგეი ორ შვილთან ერთად იყო ჩამოსული. რუსებმა მაშინ, მას ერთი ბიჭი მოუკლეს, აფხაზეთის ბრძოლის ველზე დაეცა... სერგეი წავიდა უკრაინაში, წაასვენა შვილის ცხედარი და დაკრძალვის შემდეგ უკან, აფხაზეთში ისევ საომრად დაბრუნდა.

როცა ვკითხე, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეძელი უკან დბრუნება და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა-მეთქი, ასე მიპასუხა: თუ ახლა, ჩვენ რუსეთს აქ, აფხაზეთში არ შევაჩერებთ, აუცილებლად მოვა დნეპრშიცო... და, ახლა, როცა რუსული საოკუპაციო ძალები ხარკოვს ანადგურებენ, როცა კიევს უტევენ და დნეპრს უახლოვდებიან, სულ ამ უკრაინელი კაცის სიტყვები ჩამესმის... რუსეთი ახლა დნეპრთან უნდა შევაჩეროთ! 

მაშინ ფიცი დავდე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მე აუცილებლად ვიომებდი, იმ ბიჭების სისხლისთვის, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სიცოცხლე გაწირეს და იმ უკრაინელებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომის დროს ბრძოლის ველზე არ მიგვატოვეს და ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ, ქართველებს მათი ვალი გვაქვს და მე ახლა, აქ სწორედ ამ ვალს ვიხდი. 

რაც შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, მახრჩობს ის დაღვრილი სისხლი, ის თავდადება, ჩვენი გმირი მებრძოლები - დაღუპულებიც და გადარჩენილებიც, მათთვის ჩემს წილ შურს აქ, უკრაინის ფრონტზე ვიძიებ. მე იმდენი ტყვია მაქვს ნასროლი, რამდენი სისხლიც აქ და მანდ, ჩვენს საქართველოში დაღვრილა. 2008-ში ჩვენი გმირი ბიჭები ამ მონსტრს ებრძოდნენ, სადაც უამრავი გმირობის მაგალითი შეიქმნა, საოცარი თავდადებით იბრძოლეს და მსოფლიოს რუსული ოკუპაციის ნამდვილი სახე აჩვენეს... 

დღეს კი, აქ, უკრაინაში საქართველო უნდა გადავარჩინოთ. ჯოხარ დუდაევის თქმის არ იყოს, მაშინ ჩაესვენება რუსეთის მზე, როცა უკრაინის მზე ამოვაო და ეს სრული ჭეშმარიტებაა, ეს ჩვენი ომია... 

ბრძოლისას არ ვფიქრობ, რომ მე მოვკვდები... უკრაინელები მეუბნებიან, რატომ იბრძვი, ხომ არ ხარ ვალდებულიო. ვინ გითხრათ, რომ ვალდებული არ ვარ-მეთქი, ვპასუხობ. თითოეული ჩვენი მოკლული ბიჭის სისხლისთვის შური აუცილებლად უნდა ვიძიო. ამიტომ, მოხალისედ ჩავეწერე, მომცეს "ვინტოვკა", მოვირგე ჯარისკაცის ფორმა და ჩემს ვალს ამ ქვეყნის წინაშე ასე ვიხდი... 

იმ ბიჭებს მინდა მივმართო, ვინც აქ არიან ან მოხალისეებად მოდიან - ჩემო ქართველებო, უფალმა თავისი მფარველობის კალთა გადმოგაფაროთ, მხნედ ვიყოთ და ერთიანები ვიყოთ. რუსეთი?! ეს ის ჭირია, რომელიც ყველას კართან დაიჩოქებს და მხოლოდ ერთიანობა გადაგვარჩენს. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. 

ეს ომი მალე დასრულდება, უკრაინასთან ერთად ჩემი საქართველოც გაიმარჯვებს და გამარჯვების შემდეგ, პირველ ინტერვიუს ისევ "პრაიმტაიმს" მივცემ... ახლა კი, დრო არ მაქვს, ჩემს ლოკაციას უნდა დავუბრუნდე, მეჩქარება - წინ მტერია, რომელიც ასე ერთიანობით უნდა გავანადგუროთ!" - ამბობს დარეჯან მაისურაძე.