Exclusive: დათო ევგენიძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს - ქართველი მუსიკოსის პასუხი ოკუპანტ რუსეთს

dato evgenidze

მუსიკოსი და პოეტი, დათო ევგენიძე სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტის გამართვას გეგმავს. მუსიკალურ საღამოში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ბენდები.

დეტალები ახლა ზუსტდება, თუმცა, რაც ზუსტად იცის ისაა, რომ გაყიდული ბილეთების თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

„კონცერტის გაკეთებას ვგეგმავ სპორტის სასახლეში. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ვფიქრობ რომ დღეს, ხელოვნება და მუსიკა უნდა იქცეს ქმედითად და თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ მათ დასახმარებლად.

ის ადამიანები, რომლებიც კონცერტზე მოვლენ და ბილეთს შეიძენენ, ამ ქველმოქმედების თანამონაწილეები გახდებიან.

მუსიკალურ საღამოში ბევრი ბენდი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ცოცხალი შესრულება. ქველმოქმედების გარდა, ასე გამოხატავს ქართული მუსიკალური საზოგადოება თავის პროტესტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ ეს კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცეს და ეკრანზე მითითებული იყოს საქველმოქმედო  ტელეფონის ნომრები. ის ადამიანები, რომლებიც სპორტის სასახლეში მოსვლას ვერ შეძლებენ, ტელეფონზე დარეკვით შეძლებენ ქველმოქმედებაში ჩართვას.

მსგავსი საქველმოქმედო კონცერტის გაკეთების გამოცდილება უკვე მაქვს. 13 ივნისის დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გავაკეთეთ ერთი კონცერტი და კარგი შედეგი დავდეთ. მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხა შემოვიდა, რითაც რამდენიმე დაზარალებულს საცხოვრებელი შევუძინეთ.“ - ამბობს დავით ევგენიძე. 

დათო ევგენიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უარი თქვა რუსეთში მოღვაწეობაზე და ერთ-ერთ დიდ პროექტზე უარი თქვა.

„2009 წელს უნდა დადგმულიყო ჩემი ბალეტი რუსეთის თეატრში და უარი ვთქვი. მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. წამოვედი რუსეთიდან და მგონია, რომ მოვიქეცი ისე, როგორც ყველა ქართველი მოიქცეოდა. აბა რა უნდა მექნა როგორც ქართველს?!“ - ამბობს დავით ევგენიძე.