ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ბუჩაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა, რომელმაც ბუჩა იქამდე დატოვა, სანამ რუსები ქალაქს დაიკავებდნენ.
როგორც დიმიტრი ნესტერენკო გვიყვება, ბუჩა ულამაზესი ქალაქი იყო. მრავალფეროვანი ტყეების ქონის გამო ბუჩას „კიევის ფილტვებსაც“ კი ეძახდნენ.
„როდესაც პირველად ბუჩაში ჩავედი - მახსოვს როგორ გამაოცა ქალაქის სილამაზემ და სისუფთავემ. ბუჩა სავსე იყო გასართობი პარკებით, თანამედროვე შენობებით. გზებიც კი ისეთი მოწესრიგებული იყო თვალებს არ ვუჯერებდი. ბუჩას „კიევის ფილტვებს („Leheni Kyivshchyny“) ეძახდნენ, რადგან იქ ულამაზესი ტყე და ბუნება იყო. კიევის მცხოვრებლები, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ, ბუჩაში სახლებს ყიდულობდნენ. ბუჩა კიევზე მეტად მოგაგონებდათ ევროპულ ქალაქს.
ვცხოვრობდით ისე, როგორც ყველა სხვა ქალაქის მცხოვრებლები. კვირის დღეების მანძილზე სამსახურში დავდიოდით, შაბათ კვირას სახლის საქმეებით, საყიდლებით ვიყავით დაკავებულები, საღამოს კი გასართობად მივდიოდით. უამრავი კონცერტი, გამოფენა და ფესტივალი ტარდებოდა ბუჩაში.
ერთ ზაფხულს ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა, ოლეგ ვინიკმა ჩვენი ქალაქის სტადიონზე გამართა კონცერტი. ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ამ ქალაქის ქუჩები ცხედრებით, ნაგვითა და ცარიელი ბოთლებით იქნებოდა სავსე, მაღაზიებში საკვები აღარ იქნებოდა. და ჩვენს მოსახლეობას დამალვა დასჭირდებოდა, რათა სადმე რუსს არ გადაჰყროდა“,- გვიყვება დიმიტრი ნესტერენკო.