ზელენსკი რუმინეთის პარლამენტს - ჩვენ ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ხალხი, ვისაც სურს, გენოციდი ჩაიდინოს ევროპაში, უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტს მიმართა. ვიდეომიმართვას რუმინეთის პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პარლამენტს უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი მკვლელობების ფოტოები აჩვენა.

„მე ბოდიშს გიხდით ამ მძიმე სურათებისთვის, მაგრამ ეს არის რეალობა, ისეთივე მკაცრი, როგორც სურათები“, - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ქალაქი ბუჩა მუდამ დარჩება მასობრივი მკვლელობის ისტორიაში, სადაც 300-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა რუმინეთის ყოფილი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი ტოტალიტარული რეჟიმი.

„ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინეთს ანადგურებდა. ის რეჟიმი მხოლოდ რეპრესიებზე იყო დაფუძნებული. რუმინელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და დაიცვა საკუთარი თავი, დაამხო ეს რეჟიმი. ჩაუშესკუს ვერაფერში არწმუნებდნენ, ისევე როგორც რუსეთს, რომელიც კრიმინალურ ბრძანებებს იძლევა“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ რუმინელ ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე არ არის.

„პატივცემულო რუმინელებო, ჩვენ ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ხალხი, ვისაც სურს, გენოციდი ჩაიდინოს ევროპაში. უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე. მოლდოვა ოდესიდან სულ რაღაც ერთი ნაბიჯის სავალზეა. ამიტომაც ფუნდამენტურია მოლდოვის მთლიანობის დაცვაც. უკრაინა ახლა წყვეტს აღმოსავლეთ ევროპის ბედს“, - განაცხადა ზელენსკიმ.