1727944755
დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია - ვითარება უკრაინაში
დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარი ისევ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, დიდია იმის ალბათობა, რომ ქალაქის უმეტეს ნაწილს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა გარკვეული წინსვლის მიუხედავად, რუსული არმია მთავარ სამიზნეს, ბახმუტს ვერ უახლოვდება. ოკუპანტების მხრიდან სოლედარის უმეტესი ნაწილის შესაძლო დაკავების შესახებ ცნობას არ ადასტურებს ამერიკული დაზვერვა. უკრაინული მხარის ცნობით კი, საოკუპაციო ძალები სტრატეგიული ქალაქის დაკავებას კვლავ ცდილობენ, თუმცა ქვეყნის შეიარაღებული ძალები პოზიციებს იკავებენ და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს.
ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტთან და სოლედართან ბრძოლების დროს, სავარაუდოდ, 20 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე აერომობილური ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე აერომობილური ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. მადლობას გიხდით, ბიჭებო. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება! მადლობას ვუხდი თითოეულს და ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. გენშტაბის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, სოლედარი, ბახმუტი, ზოგადად, დონეცკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლა იყო. განვიხილეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებაზე, პარტნიორებთან კომუნიკაციაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.