კუბო სცენაზე ანუ უკრაინაში გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების მშობლების დამამცირებელი ბრძოლა სასამართლოში, „კუბოს კომპენსაციისთვის“

ბოსტანოვი

უკრაინის ომში დაღუპული 20 წლის კონტრაქტორი ჯარისკაცის, ქემალ ბოსტანოვის მშობლები ე.წ „კუბოს კომპენსაციის“ გამო სასამართლოში ჩივიან. ჯარისკაცის დედას, ანასტასია იუდინას სურს, მიიღოს მთელი კომპენსაციის თანხა, რადგან ის მარტომ გაზარდა. ქემალის ბიოლოგიური მამა ასევე იმედოვნებს, მიიღოს დაღუპული შვილის კომპენსაციის თანხა, თუმცა, იუდინას თქმით, იგი არ მონაწილეობდა შვილის აღზრდაში და „არ გადაუხდია არც ერთი რუბლი ალიმენტი“. 

სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო ლენინგრადის ოლქის მკვიდრის, ანასტასია იუდინას საქმის განხილვა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან 12 მილიონ რუბლზე მეტს ითხოვს - 20 წლის შვილის, ქემალის სრულ დაზღვევას. ბოსტანოვი, რომელიც დაიღუპა 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის  შეჭრის დროს. კომპენსაციის ნახევარს ითხოვს მამაც, ჰასან ბოსტანოვი.

რუსეთში დაღუპული სამხედროების ოჯახებს ეძლევათ დაზღვევა და ერთჯერადი დახმარება 7,4 მილიონი რუბლის ოდენობით, ასევე ყოველთვიური კომპენსაცია ოჯახის თითოეულ წევრზე. პრეზიდენტის 2022 წლის 5 მარტის ბრძანებულებით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულთა ნათესავები დამატებით 5 მილიონ რუბლს იღებენ და ეს თანხა თანაბრად ნაწილდება ოჯახის წევრებზე - მშობლებზე, ცოლზე, შვილებზე.


- ადამიანი, რომელსაც არასოდეს უნახავს შვილი, არ გაუზრდია და არც ერთი მანეთი არ გადაუხდია მისთვის,  უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ეს კომპენსაციები, პირველ რიგში, გმირის აღზრდისთვის მადლიერებაა. მაშ, რისთვის მადლობა მას? კითხულობს ანასტასია იუდინა.

ანასტასიამ 2000 წელს კისლოვოდსკში პირველი შვილის მამა, ჰასან ბოსტანოვი გაიცნო. ის იყო ფერმერი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ჰასანმა შვილს სახელი თავად შეურჩია: ქემალი არაბულად ნიშნავს „სრულყოფილებას“. ერთად დიდხანს არ იცხოვრეს. მალე ჰასანს სხვა ქალისგან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. ანასტასია ბოსტანოვს ღალატის გამო დაშორდა, მოგვიანებით კი შვილთან ერთად პეტერბურგში გადავიდა.

- 2010 წელს შევიტანე სასამართლოში, ალიმენტზე, ჰასანს ჩემი ახალი მისამართიც ჰქონდა და ტელეფონის ნომერიც, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონია. ჰასანმა შეიტანა საჩივარი ალიმენტის დაწესების შესახებ, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მას კიდევ ჰყავს შვილები. შემეძლო სასამართლოების ბოლომდე გავლა, მაგრამ არ გავაკეთე. მე იმ დროს გათხოვილი ვიყავი და ჩემმა ქმარმა თქვა, რომ დამცირება არ იყო საჭირო, ოჯახს თვითონ გამოკვებავდა“, - იხსენებს ანასტასია.

ქემალ ბოსტანოვი გაიზარდა ლენინგრადის ოლქის სოფელ გორბუნკში, პეტერბურგიდან არც ისე შორს. 
ქემალი სწავლობდა ავტომექანიკოსობას. ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა მშენებლად, მაგრამ მომავალს სამოქალაქო ცხოვრებაში ვერ ხედავდა, სამხედრო სამსახურზე ოცნებობდა. „ქარხანაში მუშაობდა, საღამოობით ლუდს სვამდა მეგობრებთან ერთად“ – ამბობს ანასტასია. 2021 წლის ივნისში იგი გამოიძახეს სამხედრო სამსახურში.

- ჯარის შემდეგ ისევ ჯარში წასვლა უნდოდა. ვოცნებობდი ვაგნერის PMC-ში მოხვედრაზე. ზუსტად იქ. სხვანაირი ტრენინგია, მომსახურება სულ სხვაა. ისინი ბიჭებისგან კაცებს ქმნიან“. - ამბობდა ქემალი. 

- ექვსი თვე იმსახურა და არ ვიცი, გააფორმა თუ არა კონტრაქტი. მე არ მინახავს ეს დოკუმენტი. აგზავნიდნენ წვრთნებზე, ხშირად ვურეკავდით. ამბობდა, არ ინერვიულოთ, არსად გვაგზავნიან, უბრალოდ საზღვარზე ვართ, „ვდგავართ საზღვრის გასამაგრებლად“. მაგრამ მე ვიცი, რომ ის იქ იყო პირველივე დღეებიდან (უკრაინაში). 7 მარტის საღამოს სხვისი ნომრიდან დარეკა და თქვა, რომ „მიდიან“. ვტიროდი, კონტრაქტის გაწყვეტა ვთხოვე. მან მოკლედ აღნიშნა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს, დაიწვა მანქანა, დარჩა შორტებში და მან მითხრა ეს ფრაზა: „მე არ დავტოვებ ბიჭებს, რომლებიც ზურგიდან მიცავდნენ“, - იხსენებს იუდინა.

ქემალ ბოსტანოვი ნაღმსატყორცნი ოცეულის მძღოლი იყო. თავის კოლეგებთან ერთად, მარტის შუა რიცხვებში ხარკოვის მახლობლად მდებარე სოფელ მალაია როგანში ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ მასთან ურთიერთობა შეწყდა.

დავიწყე ძებნა, დავრეკე სამხედრო ნაწილში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილებაში. თავდაცვის სამინისტრომ მიპასუხა, რომ არც ერთ სიაში არ არის, არ ინერვიულოთ, მოიცადეთ. 5 აპრილს კი დილის 6:38 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი ტყვეობაშია. შემდეგ მივწერე ჰასანს, რომ დამხმარებოდა, თუ მას ჰქონდა კავშირები. მან არ მიპასუხა. ორი თვეზე მეტ ხანს ვეძებდი, წავედი მოსკოვში. ყოველ ჯერზე ახალ ინფორმაციას მეუბნებოდნენ: ტყვეობაშია, მსახურობს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა... 20 აპრილს გავიკეთე დნმ-ის ტესტი და 5 ივნისს ის დაემთხვა. ორი დღით ადრე უკრაინელებმა ფოტო გამოაგზავნეს: სახე არ ჩანს, მხოლოდ ცხვირის ნაწილი და ულვაში. მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო, - ჰყვება ანასტასია, როგორ იპოვა ქემალის ცხედარი.

კუბო სცენაზე


ქემალთან დამშვიდობება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაწყო გორბუნკის კულტურის სასახლეში. სცენაზე წითელი ქსოვილით შემოსილი კუბოა, ოთხი მებრძოლი ავტომატებით და ქემალის ახლობლები სამგლოვიარო ჩაცმულობით. ადგილობრივები აუდიტორიაში. სუსტ შუქზე რეგიონის ოფიციალურმა პირებმა აუდიტორიას მიუსამძიმრეს.

ქემალი დაკრძალეს ახლომდებარე სოფელ ზემო კოლონიაში, მამამისი დაკრძალვაზე არ მისულა.

- დავპატიჟე. ჩემს მოწვევას სოციალურ ქსელებში არასოდეს უპასუხა. ის არ მოსულა დაკრძალვაზე. შემდეგ კი სამხედრო ნაწილიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჰასანმა კომპენსაციის გადახდისთვის საბუთები წარადგინა. ამ ფულისთვის ბრძოლა სამარცხვინოც არის და დამამცირებელიც. მე მკვდარი შვილი მყავს და 20 წლის შემდეგ გამოჩნდა მამა, რომელსაც ნამდვილად სურს მისი კუბოსთვის ფულის მიღება. მან თქვა: „მე ამ თანხას ავიღებ და მოგვიანებით შენ გამოგიგზავნი”. დაიჯერებდით? მე - არა! მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთელ თანხას უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს გაუგზავნის. მას ასევე ქემალის კუთვნილი სახლის 1/5 უნდა, რომ მიიღოს, - წუწუნებს ანასტასია.

გარდაცვლილის დედის თქმით, ბოლოს მამა-შვილმა ტელეფონით 2015 წელს ისაუბრა. საუბარი რელიგიაზე გადაიზარდა და დიდხანს არ გაგრძელებულა.

ჰასანს სურდა მისი დაყოლიება, მუსლიმი რომ მიეღო. ტელეფონი ავიღე და ვუთხარი: 15 წელი სად იყავი, მონათლულია ბავშვი! - ამის მერე განაწყენდა და აღარ ეკონტაქტებოდა, - იხსენებს ანასტასია.

გარდაცვლილის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს არ აინტერესებდა ყარაჩაული ფესვები, კრივის განყოფილებებში მან თავი წარმოადგინა, როგორც კირილ იუდინმა. მას თავის სოციალურ ქსელებშიც იგივე სახელი აქვს მითითებული.

ჰასან ბოსტანოვი ამბობს, რომ მიღებული კომპენსაციის ნაწილის დონბასის დახმარების ფონდში გაგზავნას აპირებს. „კანონი არსებობს.რატომ უნდა დავთმო ჩემი შვილი? ფულზე არ ვფიქრობ, ადამიანი მიწაში ჩავდეთ“ - აუხსნა მამამ ჟურნალისტებს.

სასამართლოები „კუბოსთვის“
- კონტრაქტი რომ შედგა, მეთაურმა დამირეკა და მკითხა, როგორი დამოკიდებულება მაქვს კონტრაქტის მიმართ. მაშინ ყველამ იცოდა, სად მიდიოდნენ, მხოლოდ ჩვენ, მშობლებმა არ ვიცოდით. ახლა ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს: ერთი მხრივ, დიახ, ბიჭები წავიდნენ მათ გასათავისუფლებლად. მეორე მხრივ, არ მესმის, რატომ წავიდნენ 20 წლის ბავშვები, რომლებმაც არ გაიარეს ტრენინგი. მაშ, რატომ დარჩა ყველა კაპიტანი ცოცხალი? - კითხულობს ანასტასია.

რუსეთში, სხვადასხვა რეგიონში, უკრაინაში დაღუპული სამხედროების ნათესავები ერთმანეთს „კუბოს“ გადახდების გამო უჩივიან. ტრანსბაიკალიაში ოლესია ბადრტინოვა ყოფილ ქმარს უჩივის, რომელმაც უკრაინაში 21 წლის სამხედრო შვილის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა მრავალმილიონიანი კომპენსაციის ნაწილი მიეღო. ხაკასიაში 26 წლის ბოგდან ფოთინის ყოფილი მეუღლეები და მშობლები ჩივიან ფულის გამო. ვოლგოგრადში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ვალერი კოვალენკოს დეიდამ ბარათიდან 10 მილიონი კომპენსაციის თანხა მოხსნა,  თუმცა თანხა კოვალენკოს ბაბუისთვის იყო განკუთვნილი. ახლობლებმა სასამართლოს მიმართეს. სარატოვში სასამართლომ შამილ ბილიანოვის მამას ფინანსური სოციალური დახმარება ჩამოართვა იმის გამო, რომ მამაკაცი არ მონაწილეობდა ბილიანოვის აღზრდაში.