დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა საომარ ეკონომიკაზე უნდა გადაეწყოს

დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა საომარ ეკონომიკაზე უნდა გადაეწყოს.

„ასობით უცხოური კომპანია ხურავს წარმოებას და კრძალავს მათი საქონლის გაყიდვას აგრესორ ქვეყანაში. ვიდრე რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავეწყოთ საომარ ეკონომიკაზე”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შმიგალმა აღნიშნა, რომ საომარ ეკონომიკაზე გადაწყობა გულისხმობს გარკვეული საჭიროებების დაგეგმვას და სახელმწიფომ უკვე დაიწყო საწარმოებისთვის შეკვეთების მიცემა კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის საკვები, მედიკამენტები, საწვავი და ა.შ. ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაწოდოთ ქვეყანას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. მთავრობამ უკვე შემოიღო შეზღუდვები სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლისა და ნედლეულის ექსპორტზე, რითაც ისინი იწარმოება. სასურსათო უსაფრთხოებაზე კონტროლი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა შმიგალმა.