დასახელდა 3 სცენარი, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში - ექსპერტის პროგნოზი

უკრაინის ომი

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღეს მე-12 დღე გავიდა. ნგრევისა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, მოვლენების შემდგომი განვითარების სამი სცენარი არსებობს. ამის შესახებ The New York Times-ის ამერიკელმა ჟურნალისტმა, თომას ფრიდმანმა განაცხადა.

პროგნოზის მიხედვით, პირველი სცენარი ყველაზე მძიმეა. დანარჩენი ორი უფრო რბილია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო.

პირველი სცენარი:

ექსპერტი თვლის, რომ თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს პუტინს, ის უკრაინას დედამიწის „პირიდან მოსპობამდე“ მივა. ამ სცენარს შეიძლება მოჰყვეს ომის დანაშაულებები ისეთი მასშტაბით, როგორიც ევროპას ნაცისტური ეპოქის შემდეგ არ უნახავს.

„თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროს არასოდეს ჰქონია საქმე ამ დონის სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულ ლიდერთან, რომლის ქვეყანაც 11 დროის ზონას მოიცავს, არის მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი და ფლობს ბირთვული ქობინების უდიდეს არსენალს.“, წერს ფრიდმანი.

მეორე სცენარი:

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში შევა და ორივე მხარე იძულებული იქნება კომპრომისზე წავიდეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, უკრაინის აღმოსავლეთი ანკლავები, რომლებიც ახლა დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად გადაეცემა რუსეთს და უკრაინა ღიად დაპირდება, რომ არასოდეს შეუერთდება ნატოს. აშშ და მისი მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ ახლახან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებაზე“, - წერს ექსპერტი.

ექსპერტის აზრით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პუტინს, ფაქტობრივად, დასჭირდება იმის აღიარება, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის რეინტეგრაციის ხედვის რეალიზება.

მესამე სცენარი:

ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარი ისაა, რომ რუსები აჯანყდებიან და პუტინს ჩამოაგდებენ.

„ათასობით ადამიანი უკვე გამოდის ქუჩებში პუტინის გიჟური ომის გასაპროტესტებლად. ისინი ამას აკეთებენ საფრთხის ქვეშ. ამის მიუხედავად, ჯერ ადრეა იმის თქმა, გადალახავს თუ არა რუსი მოსახლეობა ე.წ. შიში ბარიერს და შეძლებს თუ არა მასობრივი მოძრაობა საბოლოოდ დაასრულოს პუტინის მმართველობა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

ასევე ნახეთ - რა ვიცით კიევის გმირ მერზე, რომელიც მე-12 დღეა ქალაქს რუსი აგრესორებისგან იცავს