„დაჩოქილი გთხოვ პატიებას!...“ - რა წერია თბილისიდან უკრაინელებისთვის გაგზავნილ წერილებში, რომელთა ავტორთა შორის რუსებიც არიან

werilebi ukrainas

სულ მალე 2 თვე შესრულდება პუტინის რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, რასაც უკრაინული ქალაქების განადგურება და ათასობით სიცოცხლე უკვე შეეწირა.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 197 ბავშვი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი ბევრად მეტია — ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 351-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე უკეთ გვესმის და ვიაზრებთ პუტინის რუსეთის აგრესიის სისასტიკესა და სიმძიმეს. შესაბამისად, ომის დაწყების დღიდან არაერთი სოლიდარობის აქცია გაიმართა. მშვიდობიანი აქციების ფორმაც და მასშტაბებიც განსხვავებული იყო, თუმცა, გზავნილი  ერთი — დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!

ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქცია, 24 მარტს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე,  საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეებმა“ გამართეს. ადგილზე მისულებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს, პარლამენტთან სიმბოლურად, ყვითელი ყვავილებით მივიდნენ და სოლიდარობის ნიშნად მისულ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობაც მისცეს, რომ ადგილზე წერილები დაეწერათ.

როგორც „პრაიმტაიმს“ „მწვანეების“ გენერალურმა მდივანმა სოფო შუბითიძემ უთხრა, სოლიდარობის აქციაზე სულ 153 წერილი დაიწერა.

“წერილებს ტოვებდნენ როგორც ქართველები, ასევე, უცხოელები. მათ შორის ამერიკის, კანადის, ევროპის მოქალაქეები. წერილების ავტორთა შორის არიან საქართველოში მყოფი უკრაინელები და რუსეთის რამდენიმე მოქალაქეც“ , — ამბობს სოფო შუბითიძე.

შუბითიძის თქმით, წერილების ავტორთა გზავნილებს ერთი რამ აქვთ საერთო – ადამიანური განცდა და სოლიდარობა უკრაინელების მიმართ.

„ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, წერილების სახით მოეყოლათ და გაეზიარებინათ საკუთარი ისტორიები და გამოცდილება ომთან დაკავშირებით. მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილებიც, აფხაზეთის ომის ვეტერანებიც. სოლიდარობის აქციაზე ნახავდით 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებულებსაც. მოქალაქეები, უპირველესად, უკრაინას ომში გამარჯვებას უსურვებდნენ. მათი აზრით, სწორედ უკრაინელები არიან დღეს ერთიანობისა და გმირობის გამომხატველი ერი“, — უთხრა „პრაიმტაიმს“ სოფო შუბითიძემ.

 

რაც შეეხება წერილებს, რამდენიმე წერილი მოძრაობამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. „პრაიმტაიმი“ რამდენიმე წერილს გთავაზობთ:

 

წერილი #1:

„ მშვდობიანი დღე, საღამო, ღამე, დილა. 

მე თბილისიდან გწერთ. ახლა ვარ პარლამენტის წინ, სადაც მოწყობილია მემორიალი იმ ქართველი მებრძოლებისთვის, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდნენ და გუშინ დაიღუპნენ. ყველანი გლოვობენ, თუმცა ყველა სავსეა რწმენით. უკრაინის გამარჯვებაში არავის ეჭვი არ გვეპარება.

ვინც არ უნდა იყოთ - ქალი, კაცი თუ ბავშვი, თქვენ ყველანი გამარჯვების თანამონაწილეები ხართ.

იმედი მაქვს, ეს წერილი დღეს ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებთ.

ყველანი თქვენთან ვართ.

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

- იულია.“

წერილი #2:

“გამარჯობა, უკრაინელებო.

ჩვენ ხარკოვიდან და ზაპაროჟიედან ვართ. ახლა საქართველოში ვიმყოფებით, ტურისტების სახით.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მებრძოლს, ვისი წყალობითაც ჩემი ახლობლები ცოცხლები და უსაფრთხოდ არიან. ჩვენ, უკრაინელებს, ვის სახლშიც ახლა ომია, გვინდა მოგიყვეთ ქართველებზე, რომლებიც მთელი გულით და სულით იბრძვიან უკრაინისთვის, სჯერათ ჩვენი გამარჯვების, ეხმარებიან უკრაინას.

იმის პირველივე დღიდან ვიგრძენით, რომ ჩვენს გვერდით იქნებოდა მსოფლიო. ახლა, როგორც არასდროს, ვამაყობ რომ უკრაინელი ვარ და ვგრძნობ, როგორი ძლიერი ერი ვართ!“

 

წერილების ავტორთა შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც. ერთ-ერთი წერილის ავტორი პატიებას სთხოვს უკრაინელებს სისასტიკისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს:

 

წერილი #3

„ მაპატიე, რომ არ ვიცი უკრაინული ენა. 

მაპატიე, მე მათთვის ხმა არ მიმიცია. 

მაპატიე, მე ვცდილობდი მათთვის როგორმე ხელი შემეშალა. 

მაპატიე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან შენ ამდენი რამ დაკარგე.

დაჩოქილი გთხოვ პატიებას! მე არ დამიბომბია. მე არ მისვრია.

ძალიან მრცხვენია. ბაბუაჩემი ამისთვის არ იბრძოდა!

პირველივე დღიდან ვუყურებ თქვენს ახალ ამბებს და თვალებს ვერ ვუჯერებ! ფესვების დიდი ნაწილი უკრაინული მაქვს. თითქოს ბომბავენ გვერდითა ეზოს.