1736884505
ჩვენი ბრიგადები უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეხვედრისას განაცხადა.
ზელენსკიმ დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან უკრაინაში მობილიზაციის ასაკის შემცირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.
„არმიაში ჩვენი ხალხის რაოდენობის გაზრდაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს შემდეგი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი. ჩვენი ბრიგადები უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით. ყველა ეს მოთხოვნა ჩვენს პარტნიორებს უკვე აქვთ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენი ხალხი უნდა იყოს დაცული, არა მხოლოდ დაცული, არამედ მათ სჭირდებათ შესაბამისი იარაღი და ცოდნა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს უნდა უზრუნველყონ ჩვენმა პარტნიორებმა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ისე ნატო-ს სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლებას ესმის გზავნილები მობილიზაციის ასაკთან დაკავშირებით.
„არ დავასახელებ ზუსტ რიცხვს, რადგან ეს საფრთხის შემცველია, თუმცა ბრძოლის ველზე ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ბრიგადა და თითოეული მათგანი ყოველდღიურად საჭიროებს აღჭურვილობას, ტექნიკას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავე შეხვედრაზე ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გერმანიის მთავრობის შიგნით ჯერ არ დასრულებულა.
„ჯერ კიდევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ გამოსავალს ვიპოვით. სხვა დემოკრატიულმა პარტიებმა, რომლებიც, შესაძლოა იყვნენ ან არ იყვნენ ახალი მთავრობის ნაწილი, გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ამ მიმართულებით ნაბიჯებს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.