ჩვენ მზად ვართ, ამერიკულ მხარესთან განვიხილოთ საუდის არაბეთში, აშშ-უკრაინის შეხვედრის დროს გაწერილი ინიციატივები - მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

ცოტა ხნის წინ, მოსკოვში ამერიკული დელეგაცია ჩავიდა. სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ამჯერად რუსეთის დედაქალაქში გაიმართება. ამერიკულ დელეგაციას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს.

რას უპასუხებს კრემლი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას და როგორი იქნება ნაბიჯები რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამერიკის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთი მშვიდობას დათანხმდება და მას არ მოუწევს მოსკოვისთვის გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციების დაწესება.

რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, გაკეთდა არაერთი ოფიციალური განცხადება, თუმცა კონკრეტული პასუხი სამშვიდობო შეთავაზებაზე მსოფლიოს ჯერ არ მოუსმენია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსის, მარია ზახაროვას განცხადებით, ისინი მზად არიან ამერიკულ მხარესთან განიხილონ აშშ- უკრაინის შეხვედრის დროს გაწერილი ინიციატივები.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით 11 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგებს. მოვისმინეთ განცხადება, რომელიც სხვადასხვა საკითხს მოიცავდა. ჩვენ მზად ვართ, ამერიკულ მხარესთან შეხვედრის დროს, განვიხილოთ იქ გაწერილი ინიციატივები. ასეთი კონტაქტი შტატებთან შესაძლოა დღეს გვქონდეს და ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსმა მარია ზახაროვამ.