1741853962
„ძალიან სერიოზული სიტუაციაა - ისეთი ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს... იმედი მაქვს, რუსეთზე ზეწოლა საჭირო არ გახდება“ - ტრამპი

გადავა თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე? ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ჩადიან - ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.
ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება "დამანგრეველი" სანქციები იყოს გამოყენებული, თუმცა, ამ ეტაპზე, მისი პრიორიტეტი მშვიდობის მიღწევაა.
აქვე, ტრამპმა ახსენა საქართველოც. მისი თქმით, ბუშისგან რუსეთმა საქართველო აიღო, ობამასგან - ყირიმი, ბაიდენისგან მთლიანად ყველაფრის მიღება სცადა და მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვისგანაც რუსებმა ვერაფერი წაიღეს.
"გუშინ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი ხალხი ახლა, ამ წუთებში, რუსეთში მიდის და იმედი მაქვს, მივიღებთ გარკვეულ დადებით შეტყობინებებს. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა - ისეთი ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა დაეშვა. იმედი მაქვს, რუსეთზე ზეწოლა საჭირო არ გახდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის განხორციელება შეგვიძლია.
გახსოვთ, რუსეთმა ბუშის დროს საქართველო წაიღო, ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ასე არ არის? ბაიდენის დროს მთელი ტერიტორიის წაღებას ცდილობდნენ. ვინ არის ის, ვისგანაც არაფერი წაუღიათ? ტრამპი. არასდროს არაფერი წაუღიათ ჩემგან. შემიძლია გავაკეთო რაღაცები, ფინანსურად რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.