ბავშვებს სციოდათ, სულ ვეხუტებოდი და ერთმანეთს ვათბობდით, ვუხსნიდი, როგორ დაწოლილიყვნენ, როგორ გაქცეულიყვნენ, როგორ დაეცვათ თავი... - ბუჩას მკვიდრი

ბუჩა

ამ წუთებში დაპირისპირებები ვუჰლედარში, მარიინკაში და ტორეცკში მიმდინარეობს. დღეს 1400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ლუჰანსკის რეგიონიდან. სახმელეთო ჯარების შტაბი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის რუსული არმიის მხრიდან კიევის აღების კიდევ ერთი მცდელობა.

დღეს, ქალაქ ბუჩაში ისევ იპოვეს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები. ქალაქის მერის განცხადებით, გარდაცვლილთა 90% ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

„35 დღე ვიყავით სარდაფში, სულ სროლა იყო, ზოგჯერ არ გვქონდა წყალი და საკვები. საერთოდ არ გვქონია შუქი. არ მოგვეწოდებოდა ინფორმაცია, არ მუშაობდა ტელეფონები. ბავშვებს სციოდათ, სულ ვეხუტებოდი და ერთმანეთს ვათბობდით. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და უკრაინელი ჯარისკაცები მოვიდოდნენ. ვუხსნიდი, როგორ დაწოლილიყვნენ, როგორ გაქცეულიყვნენ, როგორ დაეცვათ თავი. ესენი ხედავდნენ, როგორ ჩაიმსხვრა ფანჯრები, როგორ ჩამოვარდა კარი, ჭაღები და კარადა. მათ ეს ყველაფერი დაინახეს. 42 დღეა არ მინახავს ჩემი და. პირველად დღეს ვხედავ და მესმის მისი ხმა“, - აცხადებს ბუჩას მკვიდრი ვლადისლავა ლიუბანეცი.