„ომს ყოველთვის ახლავს სიმძიმე“ - ირმა ინაშვილის პასუხი ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ირმა ინაშვილი

„ომს ყოველთვის ახლავს სიმძიმე“ - ასეთია პრორუსული პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის პასუხი უკრაინასა და ბუჩაში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიაზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსკოვში იმყოფებიან. როგორც ირმა ინაშვილმა „კურიერს“ განუცხადა,  საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.

„ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინას ტრაგედია საქართველოზე არ გადმოვიდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის განცხადებები ზელენსკის მთავრობის მხრიდან, ეს განცხადებები კი მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი მცდელობაა საქართველო ომში ჩაითრიონ. ომის პირობებშიც, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩვენ ვხედავთ შოლცი რამდენჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ვხედავთ თუ როგორ აქტიურობს მაკრონი. საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად და სწორად. როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან. ომის სიმძიმე საუბედუროდ ყოველთვის მოსახლეობას ეხება. დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა,“- აცხადებს საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერალურმა საბჭომაც სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებმა „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს“. რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებული ფოტოები და ინფორმაცია 2022 წლის 4 აპრილით თარიღდება.