ბაიდენმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს „ავადმყოფური“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „სალაპარაკოდ მზადაა“

ბაიდენი

ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს „ავადმყოფური“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „სალაპარაკოდ მზადაა“, თუ მას ომის დასრულება სურს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.

„მაგრამ როგორც ჩანს, პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს. ის ამის გამო ძალიან მძიმე საფასურს იხდის. ის წარმოუდგენელ სასაკლაოს აწყობს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, ეს ავდომყოფური საქციელია“, – განაცხადა ბაიდნემა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაიდენის თქმით, მის გეგმებში არ შედის პუტინთან კონტაქტი, თუმცა ის მზადაა სალაპარაკოდ რუსეთის ლიდერთან, თუ პუტინი დაინტერესებულია და გადაწყვეტილი აქვს, მოძებნოს გზა ომის დასასრულებლად.

„თუ ასე მოხდება, ჩემს ფრანგ და ნატოელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ, მე მოხარული ვიქნები, დავჯდე პუტინთან ერთად და გავიგო, რა სურს მას, რა აქვს მას გონებაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამავე დროს აბსოლუტურდ კრიტიკულია, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და განაცხადეს, რომ რუსეთი აუცილებელად აგებს პასუხს ჩადენილის გამო.

ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის პირობები უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.

„ჩვენ არასდროს მოვუწოდებთ უკრაინელებს კომპრომისისკენ, რომელიც მათთვის მიუღებელი იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.