როდემდე გაგრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1742553219
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე Brent ტიპის ნავთობის ფასი 8%-ით გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.
CNBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ლონდონში Brent ტიპის ნავთობი ბარელზე 105,11 დოლარად ივაჭრებოდა.
აღსანიშნავია, რომ 4,1%-ით არის გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასი. ამასთან, 3%-ით მოიმატა ოქროს ღირებულებამ, რომელიც, როგორც წესი, უსაფრთხო აქტივად ითვლება.
ნავთობის გაძვირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოაცხადა. მაშინ Lipow Oil Associates-ის პრეზიდენტი, ენდი ლიპოუ ამბობდა, რომ კრიზისის გაუარესების შემთხვევაში ნავთობის ფასი ბარელზე 110 დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს.
მიმდინარე მოვლენების ფონზე მცირდება რუსული კომპანიების აქციების ღირებულებაც. არსებული ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი (MOEX Russia Index) ბოლო ერთ დღეში 35,66%-ით არის შემცირებული. ბოლო საათების განმავლობაში ამ ინდექსის კიდევ უფრო მასშტაბური კლება ფიქსირდებოდა.
წლიურ ჭრილში ინდექსი შემცირებულია 45,91%-ით. რუსული აგრესიის შედეგად დღის განმავლობაში დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა რუსული რუბლიც.