ვთავაზობ ევროკავშირს, დავადგინოთ უკრაინის გაწევრიანების საორიენტაციო ვადა, მაგალითად, 2030 წლის პირველი იანვარი - გიტანას ნაუსედა

გიტანას ნაუსედა

ლიეტუვა მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს უკრაინას ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, დაადგინონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საორიენტაციო ვადა.

„ლიეტუვა მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ფონდში, რადგან მოწოდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოველწლიურად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ით. ჩვენ დავთვალეთ, თუ სხვა ქვეყნები მზად იქნებიან, გადაიხადონ იგივე რაოდენობა, უკრაინა მიიღებს 43 მილიარდ ევროს და ეს არის ბევრი. ეს არის სწორედ ის, რაც მათ ახლა სჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა. ასე რომ, ლიდერებს ვთავაზობ, დავადგინოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საორიენტაციო ვადა, მაგალითად, 2030 წლის პირველი იანვარი. ეს არ იქნება სამართლებრივი განსაზღვრა, თუმცა ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური ერთგულება, რათა დავადგინოთ გზა და გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო გზამკვლევი ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ სამხედრო და ფინანსური, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერაც“, – განაცხადა ნაუსედამ.