ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი

ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ინციდენტი ვენსის ძირითადი გამოსვლის დროს დალასში, American Airlines Center-ში მოხდა. ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ დარბაზში მექსიკისა და პალესტინის დროშების ფრიალი და ყვირილი დაიწყო. ინციდენტი ყრილობის ოფიციალურ სატელევიზიო ტრანსლაციაში არ მოხვდა, თუმცა ვენსმა მაყურებელს მომხდარი თავად უამბო.

„რაც სახლში მყოფმა მაყურებელმა ვერ ნახა, ის არის, რომ ჩვენთან ახლახან აქციის მონაწილე შემოვიდა, რომელმაც მექსიკის დროშა ააფრიალა. ჩემო მეგობარო, თუ ასე ძალიან გიყვარს მექსიკა, მაშინ შენი უკანალი იქით წაიღე. მე თვითმფრინავის ბილეთს გიყიდი“, - განაცხადა ვენსმა.

აქციის მონაწილე ღონისძიებიდან გაიყვანეს, რასაც დარბაზში შეკრებილი რესპუბლიკელები შეძახილებით - „აშშ! აშშ! აშშ!“ შეხვდნენ.

ინციდენტის შემდეგ ვენსმა გამოსვლა გააგრძელა; მკვეთრად ნაციონალისტური გზავნილები წარმოთქვა და ყურადღება America First-ის პრინციპებზე გაამახვილა.

„მე მჯერა, რომ დამფუძნებელმა მამებმა ეს ქვეყანა იმ დაპირებაზე ააშენეს, რომელიც ჩვენი შემოქმედის გზავნილს ეხმიანება: ყველა ამერიკელი ბავშვი იბადება მემკვიდრედ და იბადება პირმშოობის უფლებით. მას აქვს უფლება მიიღოს ამ ქვეყნის სიკეთეები. არა იმიტომ, თუ ვინ არიან მისი მშობლები, როგორ გამოიყურება ან საიდან მოდის, არამედ იმიტომ, რომ ის ამერიკელია“, - განაცხადა ვენსმა.