ვაშინგტონს დღეს ბედნიერები ვტოვებთ, შეუძლებელია ყველა საკითხის ერთი შეხვედრით გადაწყვეტა, თუმცა ამ შეხვედრამ მნიშვნელოვან პროგრესამდე მიგვიყვანა - ერდოღანი

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან საუბრისას მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს მრავალ სფეროში, მათ შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების და ვაჭრობის გააქტიურების კუთხით.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ლიდერთან განიხილა ვაჭრობის ხელშეწყობის ზომები, მათ შორის საბაჟო გადასახადების გადახედვა სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდი დოლარამდე გასაზრდელად.

„ჩვენ ვაშინგტონს დღეს ბედნიერები ვტოვებთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა საკითხის ერთი შეხვედრით გადაწყვეტა. თუმცა ამ შეხვედრამ  მრავალ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტთან მიაღწია ურთიერთგაგებას ღაზაში და პალესტინაში ცეცხლის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით.

„ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღაზაში ხოცვის დასრულების ნების გამოვლენის თვალსაზრისით. შეხვედრის დროს ბატონმა ტრამპმა განაცხადა ღაზაში ბრძოლის დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა მისი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად.

„ჩვენ ავუხსენით, თუ როგორ შეიძლება ღაზასა და მთელ პალესტინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და შემდგომში მდგრადი მშვიდობის დამყარება. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია ურთიერთგაგება. ჩვენ ვთქვით, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით დარეგულირება რეგიონში მდგრადი მშვიდობის ფორმულაა და რომ ამჟამინდელი სიტუაცია არ შეიძლება გაგრძელდეს“,  – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე  განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში სირიის პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაას მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სირიის ახალი მთავრობის ლეგიტიმურობისთვის.