თაღლითური გზით, ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის დაუფლების გარდა, ბიჭიკო პაიკიძეს გადასახადებისგან თავის არიდების ეპიზოდზეც ედება ბრალი

მკ

თაღლითური გზით ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის დაუფლების გარდა, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა გადასახადებისგან თავის არიდების ეპიზოდზეც.

საუბარია კომპანიაზე, რომელიც სისტემატურად იგებდა სახელმწიფო ტენდერებს, თუმცა შემოსავლების არასწორი დეკლარირებით ბიუჯეტს დიდი ოდენობით თანხებს უმალავდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ ეპიზოდზე ბრალდებულის სახით დააკავა ბიჭიკო პაიკიძის თურქი ბიზნესპარტნიორი, თავად პაიკიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დაცვის მხარის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო მასთან კომუნიკაცია, ჯერჯერობით, არ ჰქონია.

"ჯერ, კომუნიკაცია არ მქონდა. საქმის მასალები არის მოცულობითი. ბრალი წარედგინა დაუსწრებლად 218-ე მუხლით გადმომეცა საქმის მასალები და ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს.

სამწუხაროდ, დღეს საუბარია იმაზე, რომ თითქოს ბატონი ბიჭიკო რაღაც თანხებს ითვისებდა მაშინ, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ბატონი ბიჭიკო მუშაობდა თავისი ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა.

პროკურორის, გიორგი მიქელაძის კი აცხადებს, რომ ბრალდებულმა, ჯამში 670 000 ლარზე მეტი გადასახადის გადახდას თავი აარიდეს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა

"გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულები წარმოადგენდნენ ერთ-ერეთი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს, აღნიშნული კომპანია სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

ბრალდებულები არ ახდენდნენ შემოსავლების სწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში, განზრახ, თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 670 000 ლარზე მეტი გადასახადის გადახდას, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა", - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.