უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა

სიიატრო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მან გვიან ღამით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან კრისტოფერ ლანდაუსთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სიიარტოს თქმით, საუბრის მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მორიგი შეხვედრა იყო, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გაიმართოს.

„უნგრეთი უკრაინის ომის დაწყების დღიდან თანმიმდევრულად უჭერს მხარს მშვიდობას. გასაგებია, რომ ეს ომი ბრძოლის ველზე ვერ დასრულდება, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებებით. ამიტომაც დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან, ხოლო მალე ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან“, - დაწერა სიიარტომ.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა და პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.