უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გამორიცხულია, ეს შეუძლებელია - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

 გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ვერ ხედავს უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების შანსს.

„გაწევრიანება 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გამორიცხულია. ეს შეუძლებელია“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერმა ბერლინში, კანცლერის ოფისში „სოციალ-დემოკრატიული პარტიისა“ (SPD) და „კავშირის“ (Union) ხელმძღვანელებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ.

მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შეასრულოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.

ამასთან, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს პერსპექტივა, რომელიც გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას გაუკვალავს. თუმცა, ეს გრძელვადიანი პროცესია.

„ჩვენ შეგვიძლია ამ გზაზე უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ დავაახლოვოთ ევროკავშირს. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ წარმოუდგენელია“, - დასძინა მან.