უკრაინამ და საბერძნეთმა ენერგეტიკული შეთანხმება გააფორმეს

uu

უკრაინა გაზს საბერძნეთთან იანვრიდან მიიღებს. გარიგება ბერძნულ კომპანია „დეპასა“ და უკრაინულ „ნეფტოგაზს“ შორის ათენში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეთანხმების შესახებ უკრაინისა და საბერძნეთის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს.

„რუსების მიერ ჩვენი რესურსების განადგურების კომპენსაციისთვის, საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმებები იმ დიდი ენერგეტიკული პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ზამთრისთვის უკრაინის გაზით უზრუნველსაყოფად მოვამზადეთ. გაზის მიწოდება იანვარში დაიწყება. ასევე დიდი მადლობა ამერიკულ კომპანიებს, ენერგეტიკის დეპარტამენტს, პრეზიდენტ ტრამპს, რომ ჩვენ ბუნებრივი აირს არა მხოლოდ საბერძნეთიდან არამედ საბერძნეთის გავლით ამერიკიდანაც მივიღებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა კი აღნიშნა, რომ ათენსა და კიევს შორის ურთიერთობების განვითარებას გაუსვა ხაზი.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ კრიტიკულად მნიშვნელოვან ელფერს იძენს. იქმნება უსაფრთხო ენერგეტიკული არტერია, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, საბერძნეთიდან უკრაინამდე გადის. ეს უკრაინას დაუყოვნებლივ მისცემს დივერსიფიცირებულ და საიმედო ენერგორესურსებზე წვდომას, ხოლო საბერძნეთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის შეერთებული შტატების თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების ცენტრი გახდება. ეჭვგარეშეა, ამას გადამწყვეტი როლი ექნება რუსულ გაზზე საბოლოოდ უარის თქმისთვის, რადგანაც ევროპა შეწყვეტს რუსული გაზის შეძენას და ის ვეღარ შეძლებს ჩვენს კონტინენტზე შენიღბული სახით შემოსვლას“, - განაცხადა მიციტაკოსმა.