თურქეთის სრული ჩართულობა ევროპის თავდაცვის ძალისხმევაში არსებითია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - ერდოღანი

ერდოღანი

თურქეთის სრული ჩართულობა ევროპის თავდაცვის ძალისხმევაში არსებითია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავაანალიზოთ ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები. ამ გამოწვევებში არა მხოლოდ სამხედრო საფრთხეები, ტერორისტული თავდასხმები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, არამედ ენერგეტიკული უსაფრთხოება, კიბერთავდასხმები, მიგრაცია, პანდემიები, საერთაშორისო სამართლის სისტემური დარღვევები და ომი იგულისხმება“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის.

„სამწუხაროდ, ჩვენ ევროპაში მიმდინარე ომის მესამე წელში შევდივართ. უკრაინის ომის უარყოფითი შედეგები დღითი დღე იზრდება. ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის. ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით ორივე მხარის ჩართულობით მოლაპარაკების პროცესს, რაც გამოიწვევს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას“,- აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული გენოციდი“ უფრო დიდი ჰუმანიტარული ტრაგედიაა, ვიდრე უკრაინაში მიმდინარე ომი და მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მოახდინონ ზეწოლა ისრაელზე, რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.