მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევით, მთავრობის ეფექტურობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყნის Top 40-ში 35-ე ადგილზე მოხვდა

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევით, მთავრობის ეფექტურობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყნის Top 40-ში 35-ე ადგილზე მოხვდა

„მთავრობის ეფექტურობით“ მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 77.8% მიიღო, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის დაწინაურდა და Top 40-ში მოხვდა 35-ე ადგილზე. მონაცემებს „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ აქვეყნებს.

კერძოდ, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის წევრ 12 და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო.
კავკასიასა და შავიზღვისპირეთში საქართველო პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ლიეტუვას და ესტონეთს ჩამორჩება.

კვლევაში კორუფციის კონტროლის მონაცემებიც არის ასახული. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2% მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა.
კორუფციის კონტროლით (მათ შორის ელიტური კორუფციისგან თავისუფლებით) საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას , ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და ა.შ. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგა კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლის“ აგრეგატში 9 საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა შეაფასა. სადაც საქართველო საუკეთესო ოცეულებში, ან ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა 9-დან 7 ორგანიზაციის შეფასების მიხედვით.

კანონის უზენაესობის შეფასების ნაწილში კი საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცოგოვინა. კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.

კვლევაში შესულია რეგულაციების ხარისხის შესახებ მონაცემებიც. რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 79.7 ქულა აიღო, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა.

„კარგი მმართველობა აუცილებელია განვითარებისთვის. ის ეხმარება ქვეყნებს გააუმჯობესონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან ადამიანური კაპიტალი და გააძლიერონ სოციალური ერთიანობა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI) შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევრებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ მმართველობის აღქმის ფართო სქემები ქვეყნებში და დროთა განმავლობაში.

WGI აგროვებს 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეული სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხვის რესპონდენტისა და ექსპერტის მმართველობის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს”, - ნათქვამია კვლევის მიმოხილვაში.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.