თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს: „ვერ ვიტყვით დიახს, ეს შეუძლებელია“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი

„თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე „დიახს“ ვერ იტყვის, ეს შეუძლებელია, ნუ ეწყინებათ“ – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

როგორც მან აღნიშნა, ფინეთი და შვედეთი PKK-ის ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ამიტომ, თურქეთი უარს ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე ამბობს. 

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვიტყვით დიახს NATO-ში გაწევრიანებაზე, უსაფრთხოების ორგანიზაციაში, მათთვის, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. ასე NATO უსაფრთხოების ორგანიზაცია ვეღარ იქნება.

ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად რაღაც უნდა ვთქვა - ამ ორივე ქვეყანას არ აქვს მკაფიო დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ. შვედეთი არის ტერორისტული ორგანიზაციების ინკუბაციური ცენტრი. შეჰყავთ ტერორისტები თავიანთ პარლამენტში, აძლევენ მათ პლატფორმას, უგზავნიან სპეციალურ მოსაწვევებს და პარლამენტშიც კი ჰყავთ PKK-ის ტერორისტები.

ისინი (ფინეთისა და შვედეთის დელეგაციები) თურქეთში ორშაბათს ჩამოვლენ. ჩვენ დასარწმუნებლად მოვლენ, უკაცრავად, მათ ამის იმედი არ ჰქონდეთ“. - ამბობს ერდოღანი.