თურქეთი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ორი პროვინციის გარდა ყველგან ასრულებს

თურქი მაშველები

დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ ყველა პროვინციაში, ორის გარდა.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელ იუნუს სეზერზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება მხოლოდ კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში. ოპერაციაში ჩართულია 19 400-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.

19 თებერვლის ღამის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 020-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.

6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიური უბედურების ზონამ მოიცვა კიდევ 10 პროვინცია. მიწისძვრამ დააზარალა დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.