„თუ თეირანის წინააღმდეგ თელ-ავივს რეაგირება ექნება, სარაკეტო შეტევა კიდევ უფრო გაძლიერებული ინტენსივობით, ისრაელის მთელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდება“ - ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი

მოჰამად ბაგერი

გამწვავდება თუ არა ვითარება კიდევ უფრო ახლო აღმოსავლეთში? ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვების პასუხად, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ამბობს, რომ თუ თეირანის წინააღმდეგ თელ-ავივს რეაგირება ექნება, სარაკეტო შეტევა კიდევ უფრო გაძლიერებული ინტენსივობით განმეორდება და, ამჯერად, იერიშს ისრაელის მთელ ინფრასტრუქტურაზე მიიტანენ.

"თუკი ისრაელს სურს, გააგრძელოს ეს დანაშაულები ან სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მსგავსი ოპერაცია რამდენჯერმე, გაძლიერებულად განმეორდება და სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება", - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა მოჰამად ბაგერიმ.

მანამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ, გასულ ღამით თელ-ავივზე ძლიერი შეტევით, ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის საფასურს გადაიხდის.

"დღეს ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის, ეს თავდასხმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში. მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, გაერთიანდნენ თეირანის წინააღმდეგ. ისინი უნდა დადგნენ ისრაელის გვერდით. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მძევლების დაბრუნებას. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი არსებობა და ჩვენი მომავალი", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.