ცნობილი რუსი მუსიკოსი არმიის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

იური შევჩუკი

რუსეთის ქალაქ უფის სასამართლომ ჯგუფ „DDT“-ს ლიდერი იური შევჩუკი 50 ათასი რუბლით (883 აშშ დოლარი) დააჯარიმა ადმინისტრაციული მუხლით „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის". ამის მიზეზი გახდა მუსიკოსის სიტყვები სამშობლოზე და ომზე, რომლებიც მან მაისში წარმოთქვა უფაში გამართულ კონცერტზე.

შევჩუკი არ ესწრებოდა სასამართლოს სხდომას. მუსიკოსის დაცვა ამტკიცებდა, რომ მის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებები არ არსებობს, პოლიციამ კი არასწორად შეადგინა ოქმი. ბრალდება ამტკიცებდა, რომ შევჩუკმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვები „სპეცოპერაციის“ შესახებ, მას „ნაპოლეონური გეგმები“ უწოდა და ამგვარად რუსეთის არმიის დისკრედიტაცია მოახდინა.

სასამართლოსადმი მიმართვაში შევჩუკმა განაცხადა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველა ომს ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ დროში. მისი თქმით, ჯერ კიდევ 1980 წელს დაწერა ამის შესახებ სიმღერა „არ ისროლო“.