წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აშშ-ის მაღალჩინოსნების ონლაინ სასაუბრო ჯგუფში ჟურნალისტის დამატებაზე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების ონლაინ სასაუბრო ჯგუფში ჟურნალისტის დამატების ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეცდომა დაუშვეს და თეთრი სახლი ყველა ზომას მიმართავს მსგავსი ინციდენტების სამომავლოდ აღმოსაფხვრელად.

„რამდენადაც ვხვდები, ადმინისტრაცია, მე ახლა მოვდივარ პრეზიდენტის ოვალური ოფისიდან, ერკვევა იმაში, თუ რა მოხდა. როგორც ჩანს, ამ საუბარში არაგანზრახ სხვა ტელეფონის ნომერი მოხვდა. ისინი შეისწავლიან და ისე იზამენ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, - თქვა ჯონსონმა.

ცნობისთვის, გამოცემა „ატლანტიკის“ ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი „სიგნალის“ აპლიკაციაში შექმნილ სასაუბრო ჯგუფში აღმოჩნდა, სადაც ტრამპის კაბინეტის წევრები, კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი იემენელ „ჰუსიტებზე“ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას განიხილავდნენ.