ტრამპი მოუწოდებს სენატს ბაიდენის მიერ წარდგენილი მოსამართლეები მის ინაუგურაციამდე არ დაამტკიცონ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს კონგრესის სენატს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცების პროცესი მის ინაუგურაციამდე შეაჩეროს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„დემოკრატები“ წასვლამდე ცდილობენ სასამართლოები მემარცხენე რადიკალი მოსამართლეებით გაავსონ. „რესპუბლიკელ“ სენატორებს ევალებათ მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ - არავითარი ახალი მოსამართლე ინაუგურაციის დღემდე!“, - ციტირებს გამოცემა ტრამპს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, რომელიც „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელია ნიუ-იორკიდან, საკუთარ კოლეგებს განუცხადა, რომ სენატმა ახალ წლამდე რაც შეიძლება ბევრი მოსამართლე უნდა დაამტკიცოს. ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ კენჭისყრები დასვენების დღეებში, მათ შორის საშობაო არდადეგების დროსაც ჩატარდება.

„რესპუბლიკელებმა“ რამდენიმე დღის წინ პროცესის გაწელვა სცადეს და პროცედურულ ხრიკებს მიმართეს, რის გამოც „დემოკრატებს“ კენჭისყრის პროცესი გაეწელათ.

თეთრმა სახლმა, თავის მხრივ, ტრამპი და „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი კანდიდატების დამტკიცების პროცესს აჭიანურებენ. ასე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ თიუნმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულად ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატების დამტკიცება მიაჩნია.

„პარტიულობის მიუხედავად, ამერიკელი ხალხი ელის, რომ მისი ლიდერები კანონის უზენაესობისთვის იბრძოლებენ და თითოეულ შტატში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მოსამართლეების დანიშვნის დაყოვნება ამომრჩევლებს აზარალებს და სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აფერხებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

The Hill-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ბაიდენის 216 კანდიდატურა გააწესა მოსამართლედ. ხოლო ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს „რესპუბლიკელებმა“ 234 მოსამართლე გააწესეს.