ტრამპი იმედოვნებს, რომ თუ მას ირანი მოკლავს, აშშ ამ ქვეყანას გაანადგურებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ მას ირანი მოკლავს, ის იმედოვნებს, რომ ამერიკა ამ ქვეყანას გაანადგურებს.

„თუკი პრეზიდენტ ტრამპს მოკლავენ, რისი ალბათობაც ყოველთვის არსებობს, იმედი მაქვს ამერიკა ირანს გაანადგურებს და აღგვის პირისაგან მიწისა“- დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელი ლიდერები ლაჩრებად ჩაითვლებიან. ტრამპმა ამ პოსტს თან დაურთო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიდეო, სადაც ის ირანის მიერ ტრამპის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმაზე საუბრობს.

ამერიკულმა მედიამ გასულ კვირას გაავრცელა ცნობა, რომ საიდუმლო სამსახური ირანის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლო გეგმებზე იყო ინფორმირებული, თუმცა დაზვერვის ეს ინფორმაცია 13 ივლისს ტრამპზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირში არ ყოფილა.