თეთრი სახლის პრესმდივანი: კონგრესში შუალედური არჩევნები კომუნიზმსა და საღ აზრს შორის არჩევანია

კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა კონგრესში შუალედური არჩევნები დაახასიათა, როგორც არჩევანი „კომუნიზმსა და საღ აზრს შორის“, რაც მოჰყვა „დემოკრატიული“ პარტიის პრაიმერიზში პროგრესული კანდიდატების მიერ მოპოვებულ გამარჯვებათა სერიას.

„ვიცი, რომ პრეზიდენტი და უამრავი ამერიკელი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან იმით, თუ რამდენად შორს წავიდა „დემოკრატიული“ პარტია მემარცხენე იდეოლოგიისკენ“, - განაცხადა ლევიტმა Fox & Friends-თან ინტერვიუში.

„ეს აღარ არის თქვენი ბაბუების დროინდელი „დემოკრატიული“ პარტია“, - განაგრძო მან. „ესენი კომუნისტები არიან. პრეზიდენტი ცდილობს მათ ასეც უწოდოს. მათ სურთ გააუქმონ კერძო საპატიმროები, სურთ პოლიციის გაუქმება, სურთ კერძო საკუთრების გაუქმება. ეს არის რადიკალური, მარქსისტული იდეები, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში არსად გამართლებულა“.

„ვფიქრობ, ეს არის არჩევანი კომუნიზმსა და საღ აზრს შორის. პრეზიდენტი სწორედ ასე უყურებს ამ საკითხს“, - განაცხადა მან.