თავდასხმა სირიელ თემზე და საპასუხო ცეცხლი სირიიდან - თურქეთმა ჩრდილო-დასავლეთ სირიასთან საზღვარი ჩაკეტა

თავდასხმა სირიელ თემზე

თურქეთმა, ჩრდილო-დასავლეთ სირიასთან, ძირითადი სასაზღვრო პუნქტები ჩაკეტა. გადაწყვეტილება ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც მათი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი ძალადობის გამო აღშფოთებულმა სირიელებმა თურქულ ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს.

თურქეთის პოლიციამ სირიელ თემზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 474 ადამიანი დააკავა.

თურქეთში სირიელების მიმართ ძალადობის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიელმა მამაკაცმა საკუთარ ქალიშვილზე სექსუალურად იძალადა.

თურქეთის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, სირიელების მიმართ თავდასხმის ფაქტები გამოვლინდა ჰატაის, გაზიანთეპის, კონიას, ბურსასა და სტამბოლის რაიონებში. მოსახლეობამ გაანადგურა სირიელების საკუთრებაში არსებული ქონება, დაწვეს მანქანები. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დაშავებული სირიელების შესახებაც.

თურქეთმა სირიასთან ურთიერთობა 2011 წლის სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ გაწყვიტა და მხარი დაუჭირა ამბოხებულებს, რომლებიც ქვეყნის ლიდერის, ასადის განდევნას ცდილობდნენ.