სუდანში, დარფურის რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბოლო თავდასხმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სუდანი

სუდანში, დარფურის რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბოლო თავდასხმებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას დაჯგუფებამ ინტენსიური სახმელეთო და საჰაერო იერიში დაიწყო რეგიონული ცენტრის, ქალაქ ელ-ფაშერის გარშემო განთავსებულ დევნილთა ბანაკებზე. გაერო-ს ინფორმაციით, ხუთშაბათიდან კვირამდე დადასტურებულია 148 ადამიანის მკვლელობა, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მაღალია.

გაერო-ს პრესსპიკერმა, რავინა შამდასანიმ „ბიბისის“ განუცხადა, რომ გადამოწმების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და მსხვერპლთა რიცხვში არ არის გათვალისწინებული კვირას დაღუპულები. გაერო-ს მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ჰუმანიტარული მისიების, სულ მცირე, ცხრა თანამშრომელია.

„სანდო წყაროების ცნობით, მოკლულია 400-ზე მეტი ადამიანი“, – აღნიშნა შამდასანიმ.

სუდანის სამთავრობო ჯარსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2023 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებებმა გამოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი და მილიონობით ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება აიძულა. ელ-ფაშერის გარშემო მდებარე დევნილთა ბანაკებს 700 ათასზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ სამოქალაქო პირებზე თავდასხმას უარყოფს. ელ-ფაშერი დარფურის რეგიონში ბოლო მსხვილი ქალაქია, რომელსაც სუდანის სამთავრობო არმია აკონტროლებს. ქალაქი „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მიერ, ერთი წელია, ალყაშია მოქცეული.

მედიის ცნობით, დღეს ლონდონში სუდანის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. შეხვედრის წინ გაერთიანებულმა სამეფომ სუდანისთვის 120 მილიონი ფუნტის ოდენობის და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.