„კესოს დედა და და თავს ძალიან ცუდად გრძნობენ... ვიცი ოჯახის პოზიცია...“ - რას ჰყვება თაია ჭიჭინაძე „პრაიმტაიმთან“

კესარია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „პრაიმტაიმი“ მოკლულის მეგობარს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს, თაია ჭიჭინაძეს ესაუბრა.

„ამ განაჩენის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, არა მხოლოდ როგორც კესოს მეგობარს. მგონია, რომ ნებისმიერი, მსგავსად ჩადენილი მკვლელობის ჩამდენი სათანადოდ უნდა დაისაჯოს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. თუმცა, არ მაქვს ის შეგრძნება, რომ „სამართალმა პური ჭამა“, ჩემთვის არ შეცვლილა რეალობა, კესო აღარ არის. 

კესო ჩემი წლების მეგობარი იყო და შესაბამისად, მის ოჯახთანაც მაქვს კომუნიკაცია. ძალიან ცუდად გრძნობენ თავს დედა და და, რთულად გადააქვთ. ოჯახის პოზიცია ვიცი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბექასთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ“,- ამბობს თაია „პრაიმტაიმთან“.

ცნობისთვის, დღეს, 16 აპრილს, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.

დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.