სტივ უიტკოფმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მომავალი სტატუსი განსაზღვრა - უკრაინული მედია

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მომავალი სტატუსი განსაზღვრა და მათ „ამ კონფლიქტში ყველაზე დიდი პრობლემა“ უწოდა, - წერს უკრაინული მედია.

„მე ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტში ყველაზე დიდი პრობლემა არის ყირიმი და ოთხი რეგიონი - დონბასი, ლუგანსკი და კიდევ ორი სხვა. ეს რუსულენოვანი რეგიონებია. ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ხალხის უმრავლესობამ რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნის შესახებ სურვილი გამოთქვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ კონფლიქტში ძირითადი საკითხია“, - განაცხადა უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა ამ საკითხის მოგვარება უნდა მოხდეს. მისი თქმით, ეს ყოველთვის იყო პრობლემა, უბრალოდ „ამაზე საუბარი არავის არ სურს“.

„ეს არის როგორც სპილო ოთახში. სპილო ოთახში - ეს არის უკრაინის კონსტიტუციური საკითხები იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობებზე შეუძლიათ მათ წასვლა, როდესაც საქმე ტერიტორიებზე უარის თქმას ეხება. რუსების მხრიდან ამ ტერიტორიების დე-ფაქტო კონტროლი ხორციელდება. საკითხი იმაშია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია? შეძლებს ზელენსკი პოლიტიკურად გადარჩენას, თუ ის ამას აღიარებს? ეს არის ცენტრალური საკითხი კონფლიქტში“, - განაცხადა უიტკოფმა.

ცნობისთვის, რუსეთი ითხოვს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ყირიმის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. უკრაინა თავის მხრივ ტერიტორიის მთლიან აღდგენას მოითხოვს.