გაიჟღერა კიდევ რამდენიმე გვარმა... ჩვენ ამ გარემოებებით დავინტერესდებით - თეა წულუკიანი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით

თეა წულუკიანი

"ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქმის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე პირი, რომლებსაც, შესაძლოა, საქმესთან შემხებლობა ჰქონოდათ. მისივე თქმით, კომისია ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

"ბიზნესმენ ბესო ხარძიანის უბედურება დაიწყო იმ დღიდან, 2006 წელს, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია თავისთან კაბინეტში და სთხოვა, დაავალა თუ მოსთხოვა, რომ გადაეხადა უკანონოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. ეს არის ის დღე, როდესაც დაიწყო ხარძიანზე ზეწოლა და დასრულდა ციხეში მისი უბედურებითა და, შემდეგ უკვე, თავისუფლებაზე მკვლელობით.

თქვენ იცით, რომ მისი მკვლელი ექსტრადირებული იქნა ჩვენი ხელისუფლების პირობებში - ამჟამად იმყოფება ციხეში და მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა სასამართლოში.

გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გამოყენება იმისათვის, რომ პირველი: ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე: რომ ის ყოფილიყო წამებული და ის მრავალგზის აწამეს გლდანის N8-ე დაწესებულებაში და შედეგი დამდგარიყო ის, რაც სურდა გიორგი უდესიანს - საპატიმროში, ბესარიონ ხარძიანს დაეთმო თავისი წილები.

გაიჟღერა კიდევ რამდენიმე გვარმა, რომელიც ადეიშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ, ან კიდევ ბაჩო ახალაიას ციხეში შესვლის დროს იქ იმყოფებოდნენ და, რასაკვირველია, ჩვენ ამ გარემოებებით დავინტერესდებით და გავაგრძელებთ ამ საქმეზე ამ მიმართულებით მსჯელობას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.