ორი უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან

igumenia

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე პროფესიით ვირუსოლოგ-იმუნოლოგი გახლავთ. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, რომელიც მან "ერთსულოვნებას" მისცა, იმუნიტეტის გასაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებაზე მაყურებელს საჭირო და სასარგებლო რჩევა მიაწოდა. კალიუმით, სელენით, ცინკითა და უამრავი მიკროელემენტით გაჯერებულ ამ ნაზავს თუ დილაობით მიიღებთ, მთელი დღე ჯანსაღად იქნებით. ძლიერი იმუნიტეტი ვირუსთან კარგი მებრძოლია. 

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: - ვირუსების დროს და თანაც გაზაფხულზე, როცა ვიტამინებით გაჯერებული საკვები გვჭირდება, ეს არის აუცილებელი ნაზავი. დილაობით უნდა მიიღოთ. ადვილი მოსამზადებელია, თანაც ცოტა დრო მიაქვს.

200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი გარგარის ჩირი, 200 გრამი შავი ქლიავი, ამდენივე ნიგოზი და 1 ცალი ლიმონი ცედრიანად გავატაროთ, დავუმატოთ 200 გრამი თაფლი და კარგად მოვურიოთ. (ლიმონი კარგად გავრეცხოთ, მე ჯერ მდუღარეში ვაგდებ და მერე სოდით ვრეცხავ.) ჩირების ნაზავი მოათავსეთ მაცივარში და დილაობით, ჭიქა წყლის დალევიდან ნახევარ საათში, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი.

ასევე მეორე რეცეპტს გიზიარებთ. ვატარებთ ცედრებით ციტრუსს - ერთ გრეიპფრუტს, ორ ქართულ ფორთოხალსა და ორ ლიმონს, ორ გაფქცვნილ კივს და გახეხილ ას გრამ ჯინჯერს; ვუმატებთ მცირე რაოდენობით ნუშს ან ნიგოზს, ბოლოს ვურევთ იმდენ თაფლს, რომ კარგად დატკბეს და ქერქიანმა ციტრუსებმა კუჭის პრობლემა არ გამოიწვიოს. ამ ნარევშიც ბევრი მიკროელემენტია, კარგია ვირუსებთან ბრძოლაში. იმდენად სასარგებლოა ტვინისთვის, რომ თუ მას იღებთ, ძალიან მცირეა ალცჰაიმერით დაავადების შანსი. 

დილაობით ამ ნარევებს თუ მიირთმევთ, დღისით კვებაც რომ ვერ მოახერხოთ, საჭირო ვიტამინები მიღებული გექნებათ.