Starship-ის ბოლო ფრენამ აფეთქების გარეშე ჩაიარა - რას ნიშნავს ეს მთვარის მისიისთვის

რაკეტა

 13 ოქტომბერს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის რიგით მე-11 სატესტო ფრენა შედგა. მან წარმატებით, აფეთქების გარეშე, ჩაიარა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან მთვარეზე ადამიანების გაგზავნა სწორედ ამ აპარატით იგეგმება.

რაკეტის პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. Starship ჯერ სატესტო რეჟიმშია და კომპანია მის გაუმჯობესებას ცდილობს.

ის სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან ცაში ადგილობრივი დროით 18:25-ზე აიჭრა. Super Heavy უკან წარმატებით დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ატმოსფეროში Ship აიტანა. ამ უკანასკნელმა ფრენა დამოუკიდებლად განაგრძო, უფუნქციო სატელიტები გამოათავისუფლა (შესაძლებლობის სადემონსტრაციოდ) და აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში ინდოეთის ოკეანეში დაეშვა. კომპანიის მიერ წყლიდან მისი ამოღება არ იგეგმებოდა.

 

 

 Starship-ის დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე — მთვარეზე — დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება. ასევე, მარსზე მასკს კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ Starship ითავებს.

შესაბამისად, რაკეტის საცდელი ფრენები ამ გეგმების შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ტესტირებისას ის ხშირად ფეთქდებოდა, რაც საზოგადოებასა თუ სპეციალისტებში ეჭვს აჩენდა, რამდენად მოესწრებოდა ხომალდის დახვეწა. მომდევნო მისიებში კომპანია ახალ მოდელს გამოიყენებს, რომელსაც ვერსია 3 ეწოდება.

2027 წლისთვის ჩანიშნული Artemis 3 ბოლო დეკადების განმავლობაში პირველი მისია იქნება, რომლის ეკიპაჟის წევრებიც მთვარის ზედაპირზე გაივლიან. მანამდე Artemis 2 შედგება, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები მთვარეს შემოუვლიან და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

NASA-სთვის მთვარის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან 2030 წლამდე ჩინეთი იმავეს აპირებს. თუკი რაიმე გეგმის მიხედვით ვერ წარიმართება, შესაძლოა, აშშ-ს სწორედ კონკურენტმა დაასწროს. ამ სიტუაციას ხშირად "კოსმოსურ რბოლას" ადარებენ, ვინაიდან ჩინეთი კოსმოსს უკვე გასაოცარი სისწრაფით ითვისებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Starship-ის უსაფრთხოებასა და გამართულ ფუნქციონირებაში დარწმუნება გადამწყვეტია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად განხორციელდება ისტორიული მისია Artemis 3.