1745863963
სტამბოლის მუნიციპალიტეტის 18 თანამშრომელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თურქეთში სტამბოლის მუნიციპალიტეტის 18 თანამშრომელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი კორუფციის ბრალდებით არიან დაკავებულები. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ შაბათ-კვირას გამოძიების ფარგლებში დაკავებული 52 ადამიანიდან 34 გაათავისუფლეს იურიდიული შეზღუდვების პირობებით. დაკავებულებს შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი, მერის აპარატის უფროსი, მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ადმინისტრაციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ასევე, დაკავებულია სტამბოლის დაპატიმრებული მერის, ეკრემ იმამოღლუს თანაშემწის მეუღლე.
ცნობისთვის, თურქეთში 19 მარტს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ მეტოქედ მოიაზრება. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა. იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მის დაკავებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.