1746007492
ამ ქვეყნის მავნებლებმა საზოგადოებას დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება 17 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას უხსნიდა, რაც ტყუილია -ნიკოლოზ სამხარაძე

ოპონენტებმა და ამ ქვეყნის მავნებლებმა ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიეს და საზოგადოებას დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება 17 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას უხსნიდა, რაც ტყუილია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, მიგრანტებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რადგან მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნებს აწესრიგებს. ახალი რეგულაციების შემიღება მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში საქართველო სამიზნე ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის. შესაბამისად, უფრო მეტი და მეტი უცხოელი ჩამოდის, რათა აქ ისწავლოს, იმუშაოს, მათ შორის თავშესაფარი მიიღოს. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა, რათა კანონმდებლობა საკმარისად მკაცრი იყოს და თან ადამიანის უფლებებს იცავდეს. ცოტა ხნის წინ, კანონმდებლობაში უცხოელის გაძევების მუხლი დავამატეთ, რაც აქამდე არ არსებობდა. ვინც საქართველოს ტერიტორიაზე სამართალდარღვევას ჩაიდენს, მოსამართლეს უფლება ექნება, ეს უცხოელი ქვეყნიდან გააძევოს, ზოგ შემთხვევაში კი, საქართველოში შემოსვლა აუკრძალოს. რაც შეეხება 17 ქვეყნისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრებას, სამწუხაროდ, ოპონენტებმა და ამ ქვეყნის მავნებლებმა ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიეს და საზოგადოებას დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება 17 ქვეყანას, მათ შორის აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას უხსნიდა, რაც აბსოლუტურად ტყუილია. პირიქით, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა მკაცრდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ 17 ქვეყნის მოქალაქეები ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის მაძიებლის უფლებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.