სომალის დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

თავდასხმა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, თავდასხმა მოხდა სასტუმრო Hayat-ზე, რომელიც პოპულარულია საჯარო მოხელეებსა და სამხედროებს შორის.

შეიარაღებულმა მებრძოლებმა სასტუმროსთან ორი ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და სროლა დაიწყეს. დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 9 კი დაშავდა. სასტუმროდან ათობით ადამიანია ევაკუირებული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-კაიდასთან“ დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „აშ-შაბაბმა“ აიღო, რომლიც წევრებიც რეგულარულად აწყობენ სომალიში მასშტაბურ ტერაქტებს.