1736884505
სლოვაკეთში ოპოზიცია რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრის დანიშვნას გეგმავს
სლოვაკეთში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, ისინი კენჭისყრას უახლოეს დღეებში ჩანიშნავენ. ოპონენტები რობერტ ფიცოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რუსეთთან დაახლოებაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ის საშინაო პრობლემებს ვერ უმკლავდება.
გასულ თვეში რობერტ ფიცო მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან სლოვაკეთში გაზის ტრანზიტი განიხილა.
„რობერტ ფიცომ დატოვა სლოვაკეთი. იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში ყოფილიყო და პრობლემების გადაჭრაზე ემუშავა, ის მოგზაურობს მსოფლიოში და ქედს უხრის დიქტატორებს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ.
რობერტ ფიცოს კოალიციას 150-ადგილიან პარლამენტში 76 ადგილი აქვს. მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ოპოზიციას ხმების უმრავლესობა სჭირდება. ამჟამად სლოვაკეთის მთავრობა სერიოზული შიდა პრობლემების წინაშე დგას, როგორებიცაა ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, ჯანდაცვის სისტემის პრობლემები და უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა, რამაც, ფიცოს თქმით, სლოვაკეთის ეკონომიკა დააზარალა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტა ქვეყანას 1,5 მილიარდი ევროთი დააზარალებს.