სიმსივნე და ალცჰაიმერი, შესაძლოა, ულტრაბგერებით განკურნონ

ულტრაბგერა

 ულტრაბგერები ბგერითი ტალღებია, რომლებიც ადამიანისთვის აღქმად სიხშირეთა დიაპაზონს აღემატება. მათ მედიცინაში აქტიურად იყენებენ, მაგალითად, სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებასა და მონიტორინგში.

აღნიშნულ ტექნოლოგიებში მიღწეულმა ბოლოდროინდელმა მიგნებებმა შეიძლება ისეთი დაავადებების მკურნალობას შეუწყოს ხელი, როგორებიც სიმსივნე ან ალცჰაიმერია.

ამბავს ბიოსამედიცინო ინჟინერი, რიჩარდ პრაისი გამოეხმაურა, რომელიც სხვადასხვა დაავადების კონცენტრირებული ულტრაბგერითი ტექნოლოგიების გამოყენებით მკურნალობას იკვლევს.

კონცენტრირებული ულტრაბგერების მოკლე ისტორია
ულტრაბგერა სპეციალური ზონდით წარმოიქმნება. იგი შეიცავს მასალას, რომელიც ელექტრულ დენს ვიბრაციებად გარდაქმნის ან პირიქით. როდესაც ულტრაბგერითი ტალღები სხეულში გადის, ისინი სხვადასხვა ტიპის ქსოვილებს შორის საზღვარზე აირეკლება. ამ ანარეკლს ზონდი ელექტრულ სიგნალებად გადააქცევს, რომლებითაც კომპიუტერი სხვადასხვა ქსოვილის გამოსახულებებს ქმნის.

80-ზე მეტი წლის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ულტრაბგერითი ტალღების ბრინჯის მარცვლის ზომაში კონცენტრაციას შეძლებენ, ტვინის ქსოვილი გათბება და განადგურდება. სწორედ ასე დაიწყო იმის კვლევა, თუ როგორ შეიძლება ულტრაბგერები ნევროლოგიური დაავადებების, ტკივილის ან კიბოს განსაკურნებლად გამოვიყენოთ.

მიუხედავად ამისა, ამ გზაზე მეცნიერებს ბევრი წინაღობა შეხვდათ, ძირითადად ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითად, თავის ქალა ულტრაბგერის ენერგიას შთანთქავს ხოლმე. საბოლოოდ მკვლევრებმა ეს წინააღმდეგობა დაძლიეს, თუმცა მრავალი სხვა სირთულე ჯერ კიდევ გადასალახია.

ბოლო წლებში მკვლევრებმა ულტრაბგერითი ტალღები ესენციური ტრემორის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენეს. ეს დაავადება ხელების უკონტროლო კანკალით ხასიათდება. აღნიშნული მკურნალობა დღეს მსოფლიო მასშტაბით უკვე ფართოდ გამოიყენება.

კონცენტრირებული ულტრაბგერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოყენება შემდეგშია: ტვინში წამლის მიწოდების გაუმჯობესება, კიბოს წინააღმდეგ იმუნური რეაქციის სტიმულირება და ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი დაავადებების მკურნალობა.

წამლის მიწოდება ტვინისთვის
ტვინსა და სისხლს შორის ბარიერის არსებობას ევოლუციას უნდა ვუმადლოდეთ: მისი წყალობით სისხლში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები ტვინამდე ვერ აღწევს. ტვინამდე მხოლოდ გარკვეული ტიპის მოლეკულები აღწევს, ეს კი პათოგენებისა და ტოქსინებისგან გვიცავს. მეორე მხრივ, ეს ბარიერი პრობლემური ხდება, როდესაც პაციენტი ავადაა და მის გამო სისხლში შეყვანილ წამალს ტვინამდე მიღწევა უჭირს.

20 წელზე მეტი ხნის წინ რამდენიმე კვლევით განისაზღვრა, რომ კონცენტრირებული ულტრაბგერების დაბალი ინტენსივობის იმპულსის გაგზავნამ შეიძლება სისხლისა და ტვინის ბარიერი დროებით გახსნას. ამ ტექნიკის უსაფრთხოებას მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდნენ. ამჟამად კლინიკური შემოწმებები მიმდინარეობს, რომლებიც დაადგენენ, თუ რამდენად შეუძლია ამ მოწყობილობებს ისეთი დაავადებების განკურნება, როგორებიც გლიობლასტომა, ტვინის მეტასტაზები ან ალცჰაიმერია.

ამ ყველაფრის პარალელურად, ტვინის დაავადებების განსაკურნებლად მეცნიერები გენურ თერაპიას ავითარებენ. ეს თერაპია დაავადებასთან დაკავშირებული გენეტიკური მასალის გაუმჯობესებას ან ჩანაცვლებას გულისხმობს. ზემოაღნიშნული პრობლემა გენური თერაპიის გამოყენებაშიც იჩენს თავს: ტვინისა და სისხლის ბარიერის გადაკვეთას ვერც ამ თერაპიით ახერხებენ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმააჩვენა, რომ ულტრაბგერების გამოყენებამ შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

კიბოს წინააღმდეგ იმუნური რეაქციის სტიმულირება
კიბოს იმუნოთერაპია გულისხმობს, რომ დაავადებას თავად პაციენტის იმუნური სისტემა შეებრძოლოს. მეორე მხრივ, ბევრი პაციენტის (განსაკუთრებით ძუძუს კიბოს, პანკრეასის კიბოს ან გლიობლასტომის) სიმსივნე იმუნოლოგიურად "ცივია", ე.ი. ტრადიციულ იმუნოთერაპიებზე არ რეაგირებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კონცენტრირებულმა ულტრაბგერამ შეიძლება იმუნურ სისტემას სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და განადგურებაში შეუწყოს ხელი. ულტრაბგერა კიბოს ნადებად გარდაქმნის, რომელიც ლიმფურ კვანძებში ჩაედინება. აქ იმუნური უჯრედები სიმსივნეზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

ამ გარღვევებით შთაგონებულმა ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2022 წელს მსოფლიოში პირველი კონცენტრირებული ულტრაბგერითი იმუნო-ონკოლოგიური ცენტრი გახსნეს, სადაც აღნიშნული გზით სხვადასხვა დაავადების განკურნებას ცდილობენ.

კონცენტრირებული ულტრაბგერებით მკურნალობაზე კვლევებით ძირითადად ისეთ ფართოდ გავრცელებულ და მძიმე დაავადებებს სწავლობენ, როგორებიც კიბო ან ალცჰაიმერია. შესაძლოა, ახლო მომავალში აღნიშნული მიგნებები უფრო იშვიათ და მსუბუქ დაავადებებზე გამოიცადოს.