1760793040
დედამიწის მაგნიტური ანომალია ზომაში იზრდება

სამხრეთ ატლანტის ოკეანის მიმდებარედ დედამიწის მაგნიტური ველი განსაკუთრებულად სუსტია. მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წლიდან დღემდე ეს სამხრეთატლანტიკური ანომალია ზომაში საგრძნობლად გაიზარდა.
სატელიტური მონაცემების მიხედვით, მან ამ პერიოდში ევროპის კონტინენტის თითქმის ნახევრის ტოლი არეალი მოიცვა და აფრიკისკენ წაიწია, სადაც ველი უფრო სწრაფად სუსტდება. ეს მაგნიტური ანომალია დედამიწის გარე ბირთვში მიმდინარე პროცესს უკავშირდება, მაგრამ უფრო ფართო გავლენა აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ, შესაძლოა, მან ამ რეგიონის თავზე მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებს საფრთხეც კი შეუქმნას.
მაგნიტური ველი დედამიწასა და მის დაბალ ორბიტას მზის დამუხტული ნაწილაკებისგან და რენტგენული თუ ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს. სამხრეთატლანტიკური ანომალიის მიმდებარედ მოძრავი ზონდები მსგავსი გავლენის ქვეშ ვერ ექცევა, ამიტომ პოტენციური საფრთხის წინაშეა. ამან შეიძლება მათი სისტემები დააზიანოს და ხარვეზები გამოიწვიოს.
აღნიშნული ანომალია პირველად მეცხრამეტე საუკუნეში შენიშნეს. დადგინდა, რომ მაგნიტური ველი იქ პლანეტის ზედაპირიდან დაახლოებით 200 კილომეტრ სიმაღლეზე ვრცელდება. შედარებისთვის, სხვა რეგიონებში მსგავსი საშუალო მანძილი 640 კილომეტრამდეა, ანუ სხვაობა საკმაოდ დიდია. ფიქრობენ, რომ იგი დედამიწის მანტიისა და გარე ბირთვის მიჯნაზე მიმდინარე პროცესების გამო იზრდება.
გარე ბირთვი დამდნარი რკინისგან შედგება და ხმელეთის ზედაპირიდან 3000 კილომეტრ სიღრმეშია განლაგებული. ამ მასის მოძრაობა ელექტრულ დენს წარმოქმნის, რომლის აქტიურობაც მაგნიტური ველის ფორმირებას უწყობს ხელს. იგი მანტიამდე და იქიდან ატმოსფერომდე ვრცელდება — წარმოიდგინეთ გიგანტური რგოლები, რომლებიც პოლუსებთან ახლოს ერთდება.
მეცნიერებმა აქამდე გაარკვიეს, რომ სამხრეთატლანტიკური ანომალიის ქვეშ წარმოქმნილი მაგნეტიზმი ზოგ ადგილას ისევ ბირთვს უბრუნდება. ეს ფენომენი სხვადასხვა არეალში შეიძლება გამოვლინდეს და გავრცელდეს, რაც ანომალიის რადიუსის ზრდას ხსნის.
ბოლო 11 წლის განმავლობაში ამგვარი ზრდის ტენდენცია ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია Swarm-ის იდენტური სატელიტებით დააფიქსირეს. მონაცემებში კანადასა და ციმბირის თავზე არსებული მაგნიტური ცვლილებებიც აღმოაჩინეს, კერძოდ: პირველში ველის შესუსტება, მეორეში კი — გაძლიერება.
ამის მიზეზად დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ციმბირისკენ გადანაცვლება მიაჩნიათ, მაგრამ ასეთი დინამიკის შესასწავლად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო.