ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
ქალი, რომელსაც Wi-Fi, ჯიპიესისა და ბლუთუზის შექმნას უნდა ვუმადლოდეთ - გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" თიკა ფაცაციამ მაყურებელს ჰედი ლამარის ისტორია გააცნო:
„Wi-Fi, ჯიპიესი, ბლუთუზი - ამ ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, გაგვიმარტივა ყოველდღიურობა. მათ ყველგან ვიყენებთ - სახლში, სამსახურსა თუ უბრალოდ ქუჩაში ყოფნისას. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფერს საფუძველი სწორედ ქალმა ჩაუყარა.
დღეს გიყვებით ჰედი ლამარის ისტორიას - ქალის, რომელიც დროს უსწრებდა და რომელსაც Wi-Fi-ს, ჯიპიესსა და ბლუთუზს უნდა ვუმადლოდეთ. თავად ლამარი ხშირად ამბობდა, რომ ადამიანების გარეგნობაზე უფრო საინტერესო მათი გონება იყო. სიტყვები რეალობადაც მალევე აქცია და საზოგადოებას ბრწყინვალე გამოგონებები დაუტოვა.
ჰედი ლამარის ისტორია ავსტრიიდან იწყება. 19 წლის იყო, როდესაც ოჯახი შექმნა. თუმცა, ურთიერთობა წარუმატებლად დასრულდა.
გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ლამარი ამერიკაში გაემგზავრა. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გემზე ის ამერიკული მედია კომპანიის, „მეტრო გოლდენ მაიერის“ ხელმძღვანელმა , ლუის მაიერსმა შეამჩნია. მისმა სილამაზემ მაიერსი ისე მოხიბლა, რომ ლამარს თანამშრომლობა შესთავაზა. ასე დაიწყო მისი გზა ჰოლივუდისკენ.
საზოგადოებას ის ყველაზე მეტად 1940 წლის, ოსკაროსანი კინოსურათიდან, „ალჟირი“ახსოვს. უცხოური მედიის ცნობით, დისნეის ანიმატორებმა ფიფქიას სახის სტრუქტურა, თვალები და გამომეტყველება სწორედ ჰედი ლამარის გარეგნობის მიხედვით შექმნეს. პერსონაჟის სახის დახატვისას მათ იდეალური ქალი სჭირდებოდათ - იმ პერიოდში ლამარი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა.
ლამარი ბევერლი ჰილსში განაგრძობდა ცხოვრებას, მონაწილეობდა ფილმებში, თუმცა, მეცნიერებისადმი ინტერესს ვერაფერს უხერხებდა. მას კაცობრიობისთვის უფრო მეტის გაკეთება სურდა. „გამოგონებები ჩემთვის მარტივი რამაა. იდეებზე ფიქრი არ მიწევს, აზრები ბუნებრივად მომდის თავში",- ამბობდა ლამარი.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც ლამარმა ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ბიზნესმენი, ჰოვარდ ჰიუზი გაიცნო. მათ ლამარი სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის საჭირო ტექნოლოგიებით მოამარაგეს. მუშაობამ შედეგი გამოიღო - 1941 წელს ჰედი ლამარმა სიხშირის გამავრცელებელი ტექნოლოგია შექმნა, რომელიც ჯიპიესის, WIFI-სა და ბლუთუზის შექმნას დაედო საფუძვლად. ლამარის გამოგონება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეებს შორის წარმოებულ რადიო-კომუნიკაციებს ნაცისტებისგან იცავდა. ლამარმა დიდი წვლილი შეიტანა თვითმფრინავების აეროდინამიკური ხარისხის გაუმჯობესებაშიც".