სანქცირებულ პირთა სიიდან რუსეთის პატრიარქი კირილი ამოიღეს

კირილი

ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტიც დაამტკიცა, თუმცა სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის პატრიარქი კირილი აღარ არის. რუსეთის უმაღლესი სასულიერო პირი, სანქციების მეექვსე პაკეტიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.

მანამდე კი პუტინის მეგობარი ორბანის გამო ევროკავშირს კიდევ ერთ დათმობაზე მოუწია წასვლა. საბოლოოდ, ახალი პაკეტი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორსაც წინასწარ აანონსებდნენ.

ევროპულმა გაერთიანებამ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო ვერ დააწესა.
მე-6 პაკეტით ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე ამბობს უარს.

სანქციები არ ეხება მილსადენ „დრუჟბას“, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობ მიმწოდებელი ხაზია.

გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ სვიფტიდან გათიშვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვას.